ru24.pro
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ლიკვიდირებულია „ბასიჯის“ მეთაური

0

ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ლიკვიდირებულია გასამხედროებული ფორმირების, „ბასიჯის“ მეთაური, გენერალი სოლეიმანი. ირანს ეს ცნობა არც უარყვია და არც დაუდასტურებია.

„ბასიჯი“ მოსახლისეთა გასამხედროებული ფორმირებაა, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ძირითად ნაწილად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაშია.ისრაელის არმიის მიერ დღეს, 17 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელებული „ზუსტი დარტყმის“ შედეგად თეირანში ლიკვიდირებულია „ბასიჯის“ მეთაური სოლეიმანი, რომელიც ამ ფორმირებას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებები, მათ შორის The Times of Israel-ი, CNN-ი და BBC-ი ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერენ, რომ 16 მარტს დარტყმის სამიზნე იყო ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანიც.

განახლება: ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი მოკლულია. ირანის ხელისუფლებას ეს ცნობა არ დაუდასტურებია.

ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელის განცხადების შემდეგ, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ლარიჯანის ხელნაწერი ტექსტი, რომელიც ეხება ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაღუპული მეომრების დაკრძალვას და 17 მარტითაა დათარიღებული. ტექსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ X-ში ლარიჯანის ოფიციალურ გვერდზეც.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე.