ru24.pro
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად კოალიციის შექმნაზე მუშაობს - Axios

0

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ქვეყნების კოალიციის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ოთხ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დღეს, 16 მარტს წერს გამოცემა Axios-ი.

ტრამპს იმედი აქვს, რომ ახალი კოალიციის შექმნის შესახებ ამ კვირაში გამოაცხადებს.

მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.Axios-ის წყაროთა თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი განიხილავს ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულის, ხარქის დაპყრობის შესალებლობასაც, თუ სპარსეთის ყურეში ტანკერების ბლოკადა არ შეწყდება.

სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძული ხარქი ირანული ნავთობის ექსპორტის ცენტრია.14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სოციალური ქსელის, Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი 100% გაანადგურეს, მაგრამ მას შეუძლია ერთი-ორი დრონი გაგზავნოს, ნაღმი ჩამოაგდოს, ან ახლო მანძილზე მოქმედების რაკეტა გაუშვას ჰორმუზის სრუტისკენ.

ამიტომ, ტრამპის თანახმად, ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ირანის მიერ სრუტის დაკეტვის მცდელობით დაზარალებულები, შეერთებულ შტატებთან ერთად გაგზავნიან გემებს, რათა სრუტე ღია და უსაფრთხო იყოს. ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. მან იმედი გამოთქვა, რომ გემებს გაგზავნიან სრუტის ხელოვნურად შეზღუდვით დაზარალებული ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები.

15 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეების უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება.

ჰორმუზის სრუტის საკითხს ბრიუსელში განიხილავენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს, 16 მარტს შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს, ამიტომ იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ევროპის მხრიდან.

ჰორმუზი არაბეთის ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და ღია ოკეანეში გასასვლელია. ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაპირი ირანს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის ექსკლავ მუსანდამს.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და დაიმუქრა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარს გადააჭარბებდა.9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს.