ომის გამო გაუქმდა “ფორმულა-1“-ის ეტაპები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში
„ფორმულა-1“-ის გრან-პრის ეტაპები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, რომლებიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA).
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის გრან-პრი აპრილში არ ჩატარდება“, — ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
FIA-მ აღნიშნა, რომ განიხილავდა ეტაპების ჩატარების რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა გაუქმებული რბოლები სხვა ტრასებით არ შეეცვალა.
დასავლური მედია უკვე 13 მარტს წერდა, რომ ორგანიზატორები სწავლობდნენ ეტაპების გადატანის შესაძლებლობას პორტუგალიაში, იტალიასა და თურქეთში, მაგრამ ამ იდეაზე უარი თქვეს, რადგან შეჯიბრებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა და ჩემპიონატის მასპინძლობის საფასურის მიღებაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
ასევე გაუქმდა ახალგაზრდული სერიების ეტაპებიც — ფორმულა-2, ფორმულა-3 და „F1 Academy”.
„ბაჰრეინი და საუდის არაბეთი ჩვენი საშეჯიბრო სეზონის ეკოსისტემისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება“, — განაცხადა FIA-ს პრეზიდენტმა მოჰამად ბენ სულაიემმა.
თავდაპირველად 2026 წლის სეზონის კალენდარში დაგეგმილი იყო 24 რბოლა. აპრილის ეტაპების გაუქმების შემდეგ მათი რაოდენობა 22-მდე შემცირდა. ჩემპიონატი 8 მარტს დაიწყო მელბურნში. 27–29 მარტს ეტაპი გაიმართება იაპონიაში, ხოლო გაუქმებული რბოლების შემდეგ მომდევნო ეტაპი უკვე 3 მაისს ჩატარდება მაიამიში.
მედიის მონაცემებით, ეტაპების გაუქმების გამო ფორმულა-1 სავარაუდოდ დაახლოებით 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს დაკარგავს, რადგან ბაჰრეინი და საუდის არაბეთი რბოლების მასპინძლობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ გადასახადს იხდიან.
აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყო. პასუხად ირანმა რაკეტებითა და დრონებით შეუტია ამერიკულ სამხედრო ბაზებს რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში. სხვა ობიექტებთან ერთად შეტევები განხორციელდა ბაზებზე ბაჰრეინში და საუდის არაბეთში. რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დაიხურა.
