ru24.pro
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ყაზახეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე

0

15 მარტს დილიდან დაიწყო რეფერენდუმი ყაზახეთის ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე. - ამის შესახებ წერს რადიო თავისუფლების ყაზახური რედაქცია.
საარჩევნო უბნები გახსნილი იქნება ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე. ზოგიერთი უბანი, ძირითადად სამხედრო ნაწილებში, 06:00 საათზე გაიხსნა.
ბიულეტენში მხოლოდ ერთი შეკითხვაა: ეთანხმებიან თუ არა მოქალაქეები ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მთელი დოკუმენტისათვის - მისი მხარდაჭერის ან უარყოფის ფორმით.
რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას
ხმის მიცემის უფლება აქვთ ყაზახეთის 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. რეფერენდუმის შედეგები უნდა გამოცხადდეს კენჭისყრიდან მაქსიმუმ შვიდი დღის განმავლობაში.
ახალი კონსტიტუციის პროექტი მოქმედი კონსტიტუციის მთლიანი ტექსტის დაახლოებით 40%-ს ცვლის, საიდანაც თითქმის 70% ეხება ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის სისტემას.
მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით უნდა აირჩეს ხუთი წლის ვადით. მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა გაუქმდება.
ასევე იგეგმება ახალი საკონსულტაციო ორგანოს შექმნა - ჰალიქ ქენესი (სახალხო საბჭო), წელიწადში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება და საკანონმდებლო ინიციატივის შეთავაზების უფლებითაც ინება აღჭურვილი. ამასთან, ჰალიქ ქენესის ყველა 126 წევრი — 42 ეროვნული კულტურული ცენტრიდან, 42 საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და 42 რეგიონების ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებიდან — უშუალოდ პრეზიდენტის მიერ დაინიშნება.
30 წლის შემდეგ აღდგება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც. ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილებაში იქნება ქვეყნის ინტერესების წარმოდგენა საერთაშორისო ფორუმებზე და უცხოურ დელეგაციებთან მოლაპარაკებებზე, პრეზიდენტის სახელით გამოსვლა ყურულთაის სხდომებზე, ასევე მუშაობა ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო და კულტურულ წრეებთან.
ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას პარლამენტთან შესათანხმებლად თავად პრეზიდენტი წარადგენს — თუმცა არაუმეტეს ორჯერ. თუ დეპუტატები პრეზიდენტის წინადადებას მეორედაც არ დაეთანხმებიან, პარლამენტი ავტომატურად დაიშლება. ვიცე-პრეზიდენტის დამტკიცება ხდება დეპუტატების უმრავლესობის მიერ. იგივე პრინციპით უნდა დამტკიცდეს ყურულთაის სპიკერი, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამავე დროს, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ათი წევრი პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნება.
ახალი პროექტის მიხედვით, ყურულთაის დეპუტატებს შეუძლიათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება — რაც მოქმედ კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული. თუმცა არსებობს ერთი პირობა: თუ ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლო არ დაადასტურებს ყურულთაის გადაწყვეტილებას, იმპიჩმენტის ინიციატორები საკუთარ მანდატებს დაკარგავენ.
სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა:
ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე;ქორწინების განსაზღვრა, როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი;საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.

პროექტი აფართოებს მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვებს და აცხადებს, რომ ამ უფლების განხორციელება შეიძლება შეიზღუდოს, სხვა საკითხებთან ერთად, „საზოგადოებრივი მორალის“ დაცვის მიზნით. პროექტის თანახმად, სიტყვის თავისუფლებამ და ინფორმაციის თავისუფლებამ „არ უნდა დააზიანოს სხვათა პატივი და ღირსება, მოქალაქეთა ჯანმრთელობა ან საზოგადოების მორალი “.
ახალი პროექტი კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრავს ომბუდსმენის ინსტიტუტს, როგორც სისტემურ უფლებადამცველ ორგანოს; ადვოკატურას ანიჭებს კონსტიტუციურ სტატუსს და ადგენს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმის გზით უნდა მიიღებოდეს.
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში 10 400-ზე მეტი საარჩევნო უბანია, რომელთაგან 600-ზე მეტი სპეციალურია. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებში, სამშობიარო სახლებსა და სხვა ადგილებშია განთავსებული.ყაზახეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეები 54 ქვეყნის 71 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.ყაზახეთის ცესკო-ს მონაცემებით, ყაზახეთში 12 მილიონზე მეტი ამომრჩეველია.