ru24.pro
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მედია: მოსკოვში ინტერნეტი "თეთრი სიების" მიხედვით ამუშავდა

0

მოსკოვში „თეთრი სიების“ სისტემა ამოქმედდა - ეს არის იმ ვებსაიტების სია, რომლებიც მობილური ინტერნეტის გათიშვის დროს არის ხელმისაწვდომი იუწყებიან Forbes-ი და "Коммерсант"-ი ტელეკომუნიკაციების ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით.

ბიზნეს გამოცემების წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დედაქალაქში „თეთრი სიები“ მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს, რადგან ზოგიერთ რაიონში საბაზო სადგურები კვლავ გათიშულია.

ციფრული განვითარების სამინისტროს, როსკომნადზორს და ტელეკომუნიკაციების ოპერატორებს „თეთრი სიების“ დანერგვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მობილური ინტერნეტის გათიშვა, ძირითადად მოსკოვის ცენტრში, 5 მარტიდან მოქმედებს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეზღუდვები აუცილებელია „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან უკრაინა თავდასხმებისთვის სულ უფრო დახვეწილ ტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებს“.

მან არ დააკონკრეტა, რამდენ ხანს გაგრძელდება კომუნიკაციის შეზღუდვები და თქვა: „იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება“.

მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (MIPT) მოსკოველებისთვის ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაში ვარსკვლავებითა და მზით ორიენტირება შესთავაზა.

„მზის მიხედვით ორიენტირება ყველაზე მარტივი და საიმედო გზაა იმის დასადგენად, თუ რომელი მიმართულება რომელია. მზე აღმოსავლეთით ამოდის და დასავლეთით ჩადის. ზაფხულში შუადღისას მზე დაახლოებით სამხრეთისკენ მიუთითებს, ხოლო ზამთარში ჩრდილოეთისკენ“, - ნათქვამია ინსტრუქციაში.

რადიო РБК-ის ცნობით, ადგილობრივი მაცხოვრებლები რაციებისა და ქაღალდის ატლასების მარაგის შევსებას იწყებენ. ასევე შეინიშნება მოთხოვნის ზრდა სტაციონარულ ტელეფონებზე. ამ რადიო ერთ-ერთი წამყვანი ეთერში რაციის საშუალებით გავიდა.

„კომერსანტის“ ცნობით, ამ პერიოდში რუსულმა ბიზნესებმა შესაძლოა ხუთ მილიარდ რუბლამდე დაკარგონ.

ინტერნეტის გათიშვის დროს ხელმისაწვდომი რესურსების „თეთრი სიების“ ტესტირება 2025 წლის ზაფხულში დაიწყო.

ხელმისაწვდომი რესურსების სიაში შედის მობილური ოპერატორების ვებსაიტები, კრემლისტური მედიასაშუალებები, სამთავრობო უწყებები, სავაჭრო პლატფორმები, ასევე რუსული სოციალური ქსელები "ВКонтакте", "Одноклассники", Max-ის მესინჯერი.

გამოცემა „Код Дурова"-ს თანახმად, „თეთრი სიების“ დანერგვის გამო, რიგმა VPN სერვისებმა უკვე დაკარგეს წვდომა თავიანთ სერვერებზე. სმარტფონებზე არსებულმა ბევრმა VPN აპლიკაციამ, განსაკუთრებით მობილური ოპერატორების ქსელებით დაკავშირებისას, შეწყვიტა მუშაობა ან მნიშვნელოვანი შეფერხებებით ფუნქციონირებს.