ირანმა დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია
ირანმა დაადასტურა, რომ ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩეული მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია.
ბოლო დღეებში დასავლეთის არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის სააგენტო Reuters-ი და გამოცემა The New York Times-ი წერდნენ, რომ მოჯთაბა ხამენეი დაიჭრა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 28 თებერვალს, როცა მისი მამა, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.8 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის „ექსპერტთა ასამბლეამ" ახალ უზენაეს ლიდერად აირჩია აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი. მას ირანელებისთვის სიტყვით ჯერ არ მიუმართავს.
დღეს, 12 მარტს იტალიურმა გამოცემა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ესმაილ ბაღაისთან.
გამოცემის ერთ-ერთ შეკითხვას, როგორ არის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, ბაღაიმ უპასუხა, რომ ის დაჭრილია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არ იცის, როდის იქნება მოჯთაბა ხამენეის პირველი სიტყვით გამოსვლა.
