ru24.pro
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

დებატები ევროპარლამენტში - "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში"

0

11 მარტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართა დებატები საქართველოზე, სახელწოდებით: "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში". ამ თემაზე რეზოლუციას კენჭი ეყრება 12 მარტს.

რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ გამოსვლის დასაწყისშივე განაცხადა:

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს არ არის სიმართლე. დიახ, დღეს საქართველოს ხალხი განიცდის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს თავის უახლეს ისტორიაში, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული".

იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ 10 მარტს მიიღო წერილი ელენე ხოშტარიასგან და ის საჯაროდ წაიკითხა:

„ძვირფასო რასა, შეძრული ვარ იმით, რომ ჩემი სახელი არის საქართველოს შესახებ დღის წესრიგში. ეს, ცხადია, მეხება არა მე, არამედ საქართველოს ხალხს, რომელმაც გამოავლინა წარმოუდგენელი სიმტკიცე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არ არის ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის ქვეყნის ღირსებისა და ხალხის ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა.

მსურს იცოდეთ, რომ მზად ვარ ვიჯდე ციხეში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა და მე არ მაწუხებს პირადად ჩემი პატიმრობა. ყველაზე მნიშვნელოვანია საკმარისი ყურადღების მობილიზაცია სტრატეგიულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ევროპა საქართველოში, რასაც შენ ასე წარმატებთ აკეთებ“.

რასა იუკნევიჩიანემ ბოლომდე ჩაიკითხა წერილი, რომელშიც ელენე ხოშტარია მას აგრეთვე სწერს:

"შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილმა მოისურვოს ჩვენი გამოყენება ვაჭრობის საშუალებად, როგორც მძევლებისა - რაც არ უნდა დავუშვათ.

მე არ დავეძებ პირადად ჩემს გათავისუფლებას, მე მსურს ქართველი ხალხის თავისუფლება. ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძოლისკენ არის მოწოდებული, ჩვენ - პოლიტიკური პატიმრები მოწოდებული ვართ ბრძოლისკენ და თქვენ - ჩვენი მეგობრები ხართ მოწოდებული ბრძოლისკენ, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ!".

ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიანემ ასე დაასრულა თავისი გამოსვლა დებატებზე:

"საქართველოვ და ქართველებო, თქვენ არ ხართ დაკარგულები ჩვენთვის - ევროკავშირისთვის!".

დებატებში მონაწილე დეპუტატებმა აღწერეს საქართველოში არსებული გარემო.

ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ ევროკავშირის "სირცხვილია, რომ საქართველოს სანქციებს ვუწესებთ რუსეთის დახმარების გამო და არა დემოკრატების დაპატიმრების გამო".

დეპუტატმა მალგოჟეტა გოშევსკამ ხაზი გაუსვა დემოკრატიის კუთხით არსებულ უარყოფით დინამიკას საქართველოში:

"ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეფორმების სიმბოლო იყო, იხრჩობა კორუფციაში, რეპრესიებში, პოლიტიკურ ძალადობაში. 150 ადამიანი არის ციხეში პოლიტიკური მიზეზით". გოშევსკამ ახსენა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც და გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მისი საკითხი არ შევიდა რეზოლუციის შეთანხმებულ პროექტში.

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ ის წარმოადგენს ევროკავშირის ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც ბლოკის "ღირსებას იცავს" საქართველოსთან მიმართებით.

"თბილისში სუნთქვაც კი შეუძლებელია. შერჩევითი რეპრესიები შეიძლება დაატყდეს ნებისმიერს ნებისმიერ დროს", - განაცხადა ლუაზომ და გააკრიტიკა როგორც ევროპული საბჭო, ისე ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების მიმართ "მნიშვნელოვანი სანქციების" არდაწესების გამო, რაც, მისი განმარტებით პუტინისთვის "გზავნილია",

მარკეტა გრეგოროვას სიტყვებით კი, პარტია "დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას პატიმრობა არის "მორიგი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიის დაღმასვლის გზაზე".

გრეგოროვამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ხოშტარიას მსგავსად, მრავალი ადამიანია თავისუფლებააღკვეთილი და რომ "ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით მათ, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. არ მაინტერესებს, რომ ორი წევრი სახელმწიფო ამას ბლოკავს საბჭოში. რას აკეთებს დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? განა მათ არ შეუძლიათ სანქციების დაწესება? მათ რა უშლით ხელს?", - აცხადებს გრეგოროვა, რომლის სიტყვებით, "დუმილი და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და უგზავნის საშიშ სიგნალს, რომ ევროპა უშედეგოდ ტოვებს ყოფილ კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიას".

ევროპარლამენტში მემარცხენეთა ჯგუფის წარმომადგენელმა შვედმა დეპუტატმა კი განაცხადა, რომ "სიბნელე ისადგურებს საქართველოში. მმართველი "ქართული ოცნების" პარტია კოშმარად იქცა და სჯის ყველა მოქალაქეს, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს".

ევროპარლამენტში 11 მარტს გამართული დებატები საქართველოზე დაასრულა ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დებატებზე წარმოადგენდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოზიციას:

"ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, როგორც ბევრმა თქვენგანმა აღნიშნა, კვლავაც უარესდება.

საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა განზრახ მიჰყავს ავტოკრატიისკენ და შლიან ადამიანის ძირითად უფლებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს".

ევროკომისრის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული "ბოლო კანონები, რომლებიც კრძალავს უცხოურ დაფინანსებას და პოლიტიკურ აქტივობას; დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, ოპოზიციონერებთან ერთად ჟურნალისტების, აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები საკმაოდ მკაფიოდ აჩვენებს, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს კანონის უზენაესობას როგორც ასეთს და ძირითად თავისუფლებებს".

ვოპკე ჰუკსტრას სიტყვებით, "ეს ის არ არის, რასაც ევროკავშირი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ხელისუფლებისგან, რომელიც ჯერაც აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის".

ევროკომისრის გამოსვლაში იყო გზავნილები ხელისუფლებისთვის და ხალხისთვის:

"ჩვენი პირველი გზავნილი მიემართება საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი მოქმედებით, ასეთი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ გააჩნია სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისკენ - არც 2030-სთვის, როგორც ხელისუფლება აცხადებს და თუკი ეს კურსი შენარჩუნდება, საერთოდაც არ გააჩნია".

ჰუკსტრა "ქართულ ოცნებას" შეახსენებს:

"საერთაშორისო სამართლით, საქართველოს აქვს ვალდებულება პატივი სცეს, დაიცვას და განახორციელოს ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

რასაც ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ადამიანის უფლებების მწვავე, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა".

ვოპკე ჰუკსტრამ ევროკავშირის სახელით გამოხატა სოლიდარობა მოქალაქეებისადმი:

"ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითნებურად არის დაკავებული, არასათანადოდ მოეპყრნენ, პატიმრობაში არიან, ელენე ხოშტარიას ჩათვლით.

ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიას ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ყველა პირი.

წამება, არასათანადოდ მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დარღვევების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს".

ჰუკსტრამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობისა და დაპატიმრებების შემდეგ, რიგშია ოპოზიციური პარტიების "კონსტიტუციური აკრძალვა, როგორც რეპრესიული ტაქტიკა, რაც მოგვაგონებს ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას - გააჩუმონ განსხვავებული ხმა და პოლიტიკური ოპონენტები.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომლის მთავარი ნაწილი არის პოლიტიკური პლურალიზმი".

ვოპკე ჰუკსტრამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც გადაწყვეტილებებით უპასუხებს მათ, "ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის მძიმე უკუსვლაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში". ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება.