პუტინმა მოჯტაბა ხამენეის მიულოცა ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოჯტაბა ხამენეის მიულოცა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა და თეირანს მოსკოვის „უცვლელი მხარდაჭერა“ დაუდასტურა.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღეს მოკლეს.8 მარტს თეირანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი.რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც კრემლის საიტზე დღეს, 9 მარტს გამოქვეყნდა, პუტინი მოჯტაბა ხამენეის მიმართავს, რომ დღეს, როცა ირანი „წინააღმდეგობას უწევს შეიარაღებულ აგრესიას“, მის საქმიანობას დასჭირდება „დიდი ვაჟკაცობა და თავდადება“.
პუტინს იმედი აქვს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მამის საქმეს გააგრძელებს და ირანელ ხალხს გააერთიანებს.
„მსურს დაგიდასტუროთ თეირანისადმი ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა და ირანელი მეგობრებისადმი სოლიდარობა. რუსეთი იყო და იქნება ისლამური რესპუბლიკის საიმედო პარტნიორი“, - ნათქვამია პუტინის წერილში.
ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ პუტინი ირანის მხარდასაჭერად ფრთხილ განცხადებებს ამჯობინებდა.
პოლიტიკის ანალიტიკოსები წერდნენ, რომ პუტინს აშკარად არ სურდა პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანება მიუხედავად იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეის სახით მოკავშირე დაკარგა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთის აქტიური მხარდამჭერია უკრაინის წინააღმდეგ ომში და მას იარაღითაც ამარაგებდა.
