ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს, ირანელმა ქურთებმა წამოიწყონ შეტევა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს, ეთნიკური ქურთები ჩაერთონ სახმელეთო შეტევაში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან არ უნდა იხილოს ისინი „დაჭრილები და დახოცილები“.
ამის შესახებ მან 7 მარტს, პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზე უთხტა ჟურნალისტებს:
„როგორც იცით, ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ქურთებთან, მაგრამ არ გვინდა ეს ომი იმაზე მეტად გავართულოთ, ვიდრე უკვე არის“, - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქურთების ჩართვას არ დაუჭერს მხარს.
„დიახ, ეს გამოვრიცხე. არ მინდა, ქურთები შევიდნენ. არ მინდა ვნახო, როგორ ზარალდებიან და იღუპებიან ქურთები. ისინი მზად არიან, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ მინდა, ჩაერთონ. ომი ისედაც საკმარისად რთულია ქურთების დამატებითი ჩართულობის გარეშე“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე ტრამპმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ „მხარს დაუჭერდა“ ირანელი ქურთი მებრძოლების შეტევას, თუ ისინი აშშ-ისა და ისრაელის ომის მხარდასაჭერად იმოქმედებდნენ.
სამი წყაროს ცნობით, რომლებიც იცნობენ ამ საკითხს, ირანელ ქურთ მებრძოლებს ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები ჰქონდათ იმის შესახებ, უნდა განხორციელებულიყო თუ არა და როგორ უნდა მომხდარიყო თავდასხმა ირანის უსაფრთხოების ძალებზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
ირანის ოპოზიციური ქურთული ჯგუფების ნაწილი დაფუძნებულია ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთულ რეგიონში და წლების განმავლობაში აწარმოებს დაბალი ინტენსივობის შეიარაღებულ წინააღმდეგობას თეირანის წინააღმდეგ. ზოგი მათგანი ირანის შემადგენლობაში ავტონომიას ითხოვს, ნაწილი კი ისლამური რესპუბლიკისგან სრული გამოყოფისთვის იბრძვის.
ქურთები ირანის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ და ძირითადად ქვეყნის დასავლეთში, ერაყის საზღვართან ცხოვრობენ. ირანს წლების განმავლობაში ადანაშაულებენ ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის ქურთების, ჩაგვრასა და დისკრიმინაციაში.
28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
