ლავროვი: აშშ-სთან ვითანამშრომლებთ უკრაინის ომის საკითხზე, ირანის მიმართ მისი ქმედების მიუხედავად
მოსკოვი, მართალია, გმობს სამხედრო ქმედებებს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ კვლავ ერთგულია აშშ-სთან თანამშრომლობისა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 მარტს განაცხადა.
რუსეთმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანზე და მათ აგრესია უწოდა. ამავდროულად, მან არ თქვა უარი აშშ-სთან სხვა საკითხებში თანამშრომლობაზე. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პირადად ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედების შესახებ.
ლავროვის თქმით, მოსკოვი არ ავლებს პარალელებს აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით უკრაინასთან დაკავშირებულ სამმხრივ მოლაპარაკებებსა და აშშ-ის ქმედებებს შორის ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ. „ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ვიეჭვოთ, რომ ეს მოლაპარაკებები ასევე ფარია, რადგან ჩვენ პირდაპირ კონტაქტში ვართ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან“, - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ერთგულია იმ „გაგების“, რომელიც, მოსკოვის თქმით, მიღწეული იქნა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გასულ წელს ალასკაში შეხვედრის დროს. ლავროვის თქმით, ანკორიჯში რუსეთ-აშშ-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებები „რუსეთის მხრიდან სერიოზულ კომპრომისებს გულისხმობს“.
ადრე რუსეთის წარმომადგენლები „ანკორიჯის სულისკვეთებაზე“ საუბრობდნენ. ლავროვის თქმით, „სული ატმოსფეროა; ის იყო ამხანაგური, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და კონსტრუქციული. თუმცა სული ქრება“.
უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს პოზიცია იტალიურ მაუწყებელ RAI-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა.
უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების ახალი სამმხრივი შეხვედრა ამ კვირაში იყო დაგეგმილი. ადგილად აბუ-დაბი გამოცხადდა. ზელენსკის თქმით, კიევის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან განიხილეს შეხვედრის ადგილმდებარეობისა და დროის შეცვლის საკითხი, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარება მის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის „სიძულვილი“ ასევე ხელს უშლის შეთანხმებას.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
