ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს ხამენეის სიკვდილს
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი. ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
BBC-ის ცნობით, ირანის მედია ავრცელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებას, რომელიც ხამენეის სიკვდილს ოფიციალურად ადასტურებს და ბრალს აშშ-ს და ისრაელს აკისრებს. განცხადებაში ლაპარაკი არ არის ხამენეის შესაძლო შემცვლელზე. ხამენეის "მოწამეობა" იქნება დასაწყისი "მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამბოხებისა" - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე Reuters-ი ასევე ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმებისას დაიღუპნენ ხამენეის ქალიშვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.
ხამენეის სიკვდილის შესახებ ცნობები შაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში ვრცელდებოდა, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. თუმცა ირანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
86 წლის ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერი 1989 წლიდან იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ირანი გადააქცია მნიშვნელოვან ანტი-ამერიკულ ძალად, ქვეყნის სამხედრო გავლენა განავრცო ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, და სასტიკი რეპრესიებით უპასუხებდა ქვეყნის შიგნით გაჩენილ საპროტესტო მოძრაობებს.
28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ირანის ხელმძღვანელობის შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილები.
