ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28

ტრამპი კონგრესის წინაშე გამოვა მიმართვით "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ"

0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე გამოვა სიტყვით 24 თებერვალს საღამოს (თბილისის დროით 25 თებერვალს დილით). ეს არის აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური მიმართვა, რომელიც კონგრესის ორივე პალატის წევრებისთვის არის განკუთვნილი და რომლის დროსაც პრეზიდენტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებენ და ადმინისტრაციის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

მიმართვა თეთრი სახლის ვებსაიტზე გადაიცემა.

ტრამპის გამოსვლა პირველია მისი მეორე ვადის დროს (შარშან ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა, თუმცა ფორმალურად ეს არ ყოფილა მიმართვა „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“). დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ტრამპი ყურადღებას გაამახვილებს შიდა საკითხებზე, თუმცა ასევე შეეხება საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

მიმართვაზე ტრადიციულად არიან მიწვეული სტუმრები, რომლებიც გალერეაზე დაიკავებენ ადგილებს. მათი მიწვევა შეუძლია როგორც თეთრ სახლს, ისე კონგრესის წევრებს, მათ შორის დემოკრატებსაც, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფებიან. კერძოდ, კონგრესის დემოკრატმა წევრებმა და სენატორებმა მიიწვიეს ჯეფრი ეპსტინის საქმის მოწმეები.

თეთრმა სახლმა მიიწვია ამერიკელი ჰოკეისტები, რომლებმაც იტალიაში ოლიმპიურ თამაშებზე კანადასთან დაპირისპირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, მიიწვია ოთხი ასტრონავტი, რომლებიც მალე მთვარეზე გაფრინდებიან „არტემის 2“-ის მისიის ფარგლებში. ასევე მიწვეული არიან ჰონგ-კონგში დაპატიმრებული ჩინეთის მთავრობის კრიტიკოსის, ჯიმი ლაის ქალიშვილი; მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ქვრივი; შარშან ვაშინგტონში მოკლული აშშ-ის ეროვნული გვარდიის წევრის, სარა ბეკსტრომის მშობლები; და მოკლული ისრაელელი დიპლომატის, იარონ ლიშჩინსკის ძმა. მოწვევა მიიღო აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ელის, რომ პრეზიდენტი ტრამპი ახსენებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. პრეზიდენტის მიმართვა შეჭრის მეოთხე წლისთავს დაემთხვა.