ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

„პოლიციის მაღალჩინოსნებმა ძმებ კაკულიებზე თავიდანვე იცოდნენ“, - ამბობს ქვაჭრელიშვილი, უარყოფს თამაზაშვილი

0

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან ძმები კაკულიების კავშირის შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნებმა იმ მომენტიდან იცოდნენ, როცა შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლები: ალეკო ჭელიძე და ბესარიონ კავილაძე დააკავეს.
წერილის შინაარს „შაბათის ფორმულა“ ავრცელებს. მათი ცნობით, პოლიციის მსჯავრდებულმა მაღალჩინოსანმა ეს წერილი 20 თებერვლამდე დაწერა, ანუ იქამდე, ვიდრე პროკურორები ციხეში გამოკითხავდნენ.
მას შემდეგ, რაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით ძმებ კაკულიებსა და ბესარიონ ჟვანიას ბრალი წაუყენეს, პატიმრობაში მყოფმა პოლიციის ყოფილმა ჩინოსანმა თქვა, რომ ამ საქმეზე აქამდე უცნობი დეტალები იცის.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის „ადამიანი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე - დააკავა“.
ეს ინფორმაცია ჯერ საგამოძიებო უწყებას არ დაუდასტურებია.
ალეკო (აკო) ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ბრალდებით 16 და 17 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი;17 თებერვალს გამოძიებამ ოფიციალურად დაასახელა მკვლელობის შემკვეთებად ძმები დავით და გურამ (გუგა) კაკულიები და მათი მეგობარი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. კაკულიები 2001 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას შვილები არიან, ბუსა ჟვანია კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი.ადვოკატ მიგინეიშვილის თქმით, ქვაჭრელიშვილი იყო ის, ვინც „პირველი გაესაუბრა [ჭელიძე-კავილაძეს] და მოისმინა ისტორია: ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, გარემოებები, რომლებიც ობიექტური გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მსჯავრდებულია. ის 2024 წლის 26 იანვარს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით. ქვაჭრელიშვილი ამბობდა, რომ მისი საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და გავლენიანი პირების ინტერესებს, მათ შორის, სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება.
ვინ და რა იცოდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის წერილის თანახმად?დიმიტრი ქვაჭრელიშვილის წერილის თანახმად, რომლის შინაარსას „შაბათის ფორმულა“ ავრცელებს, აკაკი ჭელიძემ დაკავების შემდეგ წყნეთის პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, რომელიც მოისმინეს:
თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა სულხან თამაზაშვილმა. მისმა მოადგილემ, კახა მურადაშვილმათბილისის მკვლელობების სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, კახა სირაძემ დადიმიტრი ქვაჭრელიშვილის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა გელა ქურდაძემ.

ჩამოთვლილებიდან ყველა ისევ სისტემაშია, გარდა სულხან თამაზაშვილისა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა.
„მოვიდნენ პოლიციის შენობაში და ჩემს სამუშაო ოთახში განთავსდნენ ქალაქ თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი, მისი მოადგილე, კახა მურადაშვილი, ჩემი მთავარი სამმართველოს უფროსი, გელა ქურდაძე და ქალაქ თბილისის მკვლელობების სამმართველოს უფროსი, კახა სირაძე“, - წერს ქვაჭრელიშვილი.
მისივე განცხადებით, თამაზაშვილს დაურეკა უცნობმა პირმა, რომელიც მან "ანზორიჩად" მოიხსენია. ქვაჭრელიშვილი არ ამბობს, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის. შაბათის ფორმულას მტკიცებით, კი საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ, არაერთ დანაშაულში ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან პირად კონტაქტს უარყოფს.
,,სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, შესაბამისად, არასდროს შევხვედრივარ და არასდროს მქონია არც სატელეფონო, არც პირადი კომუნიკაცია,“- აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ პასუხს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სულხან თამაზაშვილმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მონათხრობი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, იმ დანაშაულზე მითითებით, რომლის გამოც საპატიმროში სასჯელს იხდის.
,ზოგადად, ამ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება, მე მახსოვს ეს ადამიანი იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი. ის სამწუხაროდ დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ერთის მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალული მაქვს, ხოლო მეორეს მხრივ ალბათ ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მისი ცნობით, ძმებ კაკულიებს იმ დროს, როცა ის თბილისის პოლიციის უფროსი იყო, სხვა დანაშაულისთვის წარუდგინეს ბრალი.
„აქედან გამომდინარე დანაშაულის ,,ჩაფარცხვაზე“ და დახმარებაზე ლაპარაკი არასერიოზულია და ვფიქრობ, რომ საკითხი ამოწურულია,“ - ამბობს ის.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი პირველად არ ახსენებს ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს. პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და გავლენიანი პირების ინტერესებს, მათ შორის, სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და მისი იარაღების საქმეს უკავშირდება.
რატომ?წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თქმით, 2 წლის წინ უკანონო დავალება მიიღო - ფარცხალაძის 35 ცეცხლსასროლი იარაღის მის ვაჟზე გადაფორმების მოთხოვნით, რომელთაგან ხუთი დაკარგული იყო. ამბობს, რომ უარი თქვა, თუმცა დავალება სხვამ შეასრულა.
ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს დაასანქცირა.
მეორე დღეს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მტკიცებით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მასთან, მინდობილობებით ხელში, ოთარ ფარცხალაძის შვილი მივიდოდა, რომელიც მამის იარაღებს გადაიფორმებდა.
ქვაჭრელიშვილის თქმით, მას მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, გელა ქურდაძემ დაურეკა.
„შაბათის ფორმულას“ 21 თებერვლის სიუჟეტში ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ ბუსა ჟვანიას ჩანაწერები საქმეში ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო, თუმცა საქმისთვის კლასიფიკაციის მიცემას - შეკვეთილი განზრახ მკვლელობა, დრო დასჭირდა.
მისივე თქმით, ძებნილ ჟვანიას ოფიციალურად საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია. პროკურორი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, საქართველოში იმალება ის, თუ საქართველოს ტერიტორია არაკანონიერი გზით დატოვა.
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი ედება კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში.
როგორც წესი, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.