ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს 2027 წელს კიდევ ერთი ვადით არჩევის უფლება ექნება

0

ბოლო დღეებში მიმდინარე ინტენსიური პოლიტიკური დებატების ფონზე, ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, სადირ ჟაპაროვის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არის ექვსწლიანი და 2027 წლამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მასზე გავრცელდება 2021 წელს განახლებული კონსტიტუციით განსაზღვრული - პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით კენჭისყრის უფლებაც. ამასთან, ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ჟაპაროვის პრეზიდენტობის მიმდინარე, პირველი ვადა ძველი კონსტიტუციის წესით - 6 წლით განისაზღვრა და არა 2021 წელს ამოქმედებულ კონსტიტუციაში ჩაწერილი 5-წლიანი ვადით.

ამ გადაწყვეტილებით, გაბათილდა იმ ექსპერტების მტკიცება, რომლებიც მოელოდნენ, რომ პრეზიდენტ ჟაპაროვს მიმდინარე ვადის გარდა, ახალი კონსტიტუციით, კიდევ ორჯერ მიეცემოდა კენჭისყრის უფლება.

„თავისი ბუნებით, კონსტიტუცია მოწოდებულია იყოს მდგრადი, ვინაიდან ის უზრუნველყოფს მართლწესრიგის მთლიანობასა და განჭვრეტადობას, ამასთან ის არ კარგავს ცოცხალი დოკუმენტის თვისებას, რომელსაც შეუძლია უპასუხოს საზოგადოებრივი ცხოვრების ობიექტურ ცვლილებებს და ახალი გამოწვევების პასუხად, დააკორექტიროს ხელისუფლების ორგანიზების მექანიზმები ისე, რომ არ გაანადგუროს მისი ფუძემდებლური საწყისები“, - წერია ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

ყირგიზეთის 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის 61-ე მუხლით, პრეზიდენტი ირჩეოდა ექვსი წლის ვადით და ერთი და იგივე პირი მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა არჩეულიყო პრეზიდენტად.

2021 წელს მიღებული კონსტიტუციით კი, პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით და უფლება აქვს, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი.

ერთი მხრივ, სასამართლო მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაზე ავრცელებს ძველი კონსტიტუციის ექვსწლიან ნორმას, მეორე მხრივ კი, მოქმედ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით მეორედ კენჭისყრის უფლებას ანიჭებს.

საკონსტიტუციო სასამართლო პასუხობს დისკუსიას, რომელიც სადირ ჟაპაროვის პრეზიდენტობის ვადის არა ხუთი, არამედ ექვსი წლით განსაზღვრას ეხებოდა:

„უპირველეს ყოვლისა, საკონსტიტუციო სასამართლო გამოდის იქიდან, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის არჩევითი მანდატი წარმოადგენს ხალხის - სუვერენიტეტის მატარებლის მიერ თავისი ფუძემდებლური ძალაუფლების რეალიზაციის შედეგს და არის დასრულებული იურიდიული ფაქტი, რომლიდანაც გამომდინარეობს მდგრადი საჯარო-სამართლებრივი მდგომარეობა.

არჩევნებში მონაწილეობით, ხალხი უმაღლესი ნდობის აქტს ახორციელებს, ის განსაზღვრული დროით გადასცემს ძალაუფლებას იმ გათვლით, რომ მისი გადაწყვეტილება სრულად განხორციელდება. ხმის მიცემის არსი არა მხოლოდ პირის არჩევაში, არამედ მანდატის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრაში, რომელიც წინასწარ არის გამოცხადებული და გასაგებია ყველასთვის - ესენია უფლებამოსილების განხორციელების ვადა და წესი“.

ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ახალი კონსტიტუცია რეტროაქტიულად არ უნდა ერეოდეს „ხალხსა და ხელისუფლებას შორის უკვე წარმოშობილ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში“.

სასამართლო მიმდინარე პრეზიდენტობას ჟაპაროვს უთვლის პირველ ვადად და მას 2027 წელს კვლავ ექნება უფლება, იყოს არჩეული პრეზიდენტად.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში ჩატარდება 2027 წლის იანვრის მეოთხე კვირა დღეს, ანუ 24 იანვარს. საკანონმდებლო ორგანომ არჩევნები უნდა დანიშნოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 4 თვით ადრე, ანუ არაუგვიანეს 2026 წლის 24 სექტემბრისა.

სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს 2021 წლის 28 იანვრიდან. მანამდე ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა 2020 წლის გარდამავალ მთავრობაში.