რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევისთვის გამოიყენეს რაკეტები „ცირკონიც“ - უკრაინის საჰაერო ძალები
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, გემსაწინააღმდეგო რაკეტები „ცირკონიც“ გამოიყენეს. ამის შესახებ 16 თებერვალს, დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
მისი ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა ოთხი „ცირკონით“ შეტევა განახორციელეს ანექსირებული ყირიმიდან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზებგერითი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონის წარმატებული გამოცდის“ შესახებ პირველად 2022 წელს განაცხადა, 2023 წლიდან კი არმიის ამ იარაღით აღჭურვა დაიწყო.უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის გამოყენებული იყო ერთი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერიც“, ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა და 62 უპილოტო საფრენი აპარატი. ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის დადასტურებული იყო ორი „ცირკონის“ და 52 დრონის მოგერიება და ერთი რაკეტითა და 9 დრონით პირდაპირი დარტყმა 8 ადგილზე. საჰაერო ძალების სარდლობას კონკრეტული ადგილები არ დაუსახელებია.
რაც შეეხება შედეგებს, უკრაინის ხელისუფლების მიერ დღის პირველ ნახევარში გავრცელებული ცნობებით, 5 ადამიანი, მათ შორის მოზარდია დაჭრილი ხარკოვის ოლქში, სადაც დაზიანებულია სახლები, ენერგოობიექტები და რკინიგზა. უკრაინის ამ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია რუსული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა.
ქალაქ ხარკოვში და ხარკოვის ოლქში ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული გათიშვის რეჟიმი აამოქმედეს, რაც ნიშნავს, რომ ენერგომომარაგება გრაფიკითაც აღარ ხდება.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ენერგოობიექტებზე დარტყმების შესახებ დილით იუწყებოდნენ რუსეთის ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორები.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ შეტევის შედეგად, რომელიც ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, „სერიოზულად დაზიანდა“ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტები. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, სარაკეტო დარტყმა იყო ბელგოროდის თბოელექტროცენტრალზე და ქალაქის ნაწილს გათბობის მიწოდება შეუწყდა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონზე „ყველაზე ძლიერი და მასირებული“ შეტევა იყო და საჰაერო თავდაცვამ 170-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურა. გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ქალაქ ბრიანსკს და ხუთ რაიონს ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება შეუწყდა. ბოგომაზის თანახმად, 16 თებერვლის დილისთვის მომარაგება აღდგენილი იყო.
ამ ზამთარს რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ასეულობით ათას უკრაინელს ცივი ზამთრის პირობებში არაერთხელ შეეზღუდა ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის მიწოდება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.
