ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად

0

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა.

საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

„რამდენიმე დღის განმავლობაში მყისიერად იქნა მოპოვებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება საქმეში სხვა პოლიციელების შესაძლო მონაწილეობას, პროკურორი განმარტავს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ტარდება არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

„დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და როდესაც ჩვენ მტკიცებულებებს საბოლოოდ მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“,- განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან დაკავებული დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და ინანიებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ლუკა ხურცილავა გულწრფელად აღიარებს, ინანიებს. დღეს სასამართლომ მიიღო სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაში. გასაჩივრებას რაც შეეხება, შემიძლია, გითხრათ, რომ გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, გასაჩივრდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება. სხდომათა დარბაზშიც აღიარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა და მანამდეც, თავისი ფეხით გამოცხადდა პოლიციაში. ადვოკატის გარეშე აღიარა და ყოველივეს ინანიებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. სოციალური ქსლებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებენ არასრულწლოვანს სიტყვიერ შეურაცხყოფას და როგორ ემუქრებიან მას მსჯავრდადებული მამის გაუპატიურებით, თითების დამტვრევით და არ აძლევენ დედასთან დარეკვის უფლებას.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი 10 თებერვალს ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, ის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ლუკა ხურცილავამ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა დაეთვალიერებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონი, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. ამასთან, მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.