ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში რუბიო მიიღებს მონაწილეობას, ტრანსატლანტიკურ კავშირებში დაძაბულობის ფონზე

0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც პარასკევს დაიწყება - რითიც ხაზი გაესმება ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, ამჟამინდელი "ნდობის კრიზისის" მიუხედავად - განაცხადა ფორუმის ხელმძღვანელმა. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

ვოლფგანგ იშინგერი - ყოფილი დიპლომატი, რომელიც ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებების ამ ყოველწლიურ ფორუმს - აცხადებს, რომ მიუნხენში ელიან აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტ წევრს, მათ შორის დემოკრატ კანონმდებელს, ალექსანდრია ოკასიო-კორტესს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თხუთმეტი პრემიერ-მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური. ფორუმს გახსნის გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

"მოცემულ მომენტში ტრანსატლანტიკური კავშირებში - ჩემი ხედვით - აღინიშნება ნდობის და სანდოობის საგრძნობი კრიზისი" - თქვა იშინგერმა 9 თებერვალს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ამერიკის მხარე მიუნხენისადმი ასეთ მძლავრ ინტერესს ავლენს" - დასძინა მან.

შარშან მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ევროპის ლიდერები დაადანაშაულა თავისუფალი სიტყვის ცენზურაში და იმიგრაციის კონტროლის ჩავარდნაში.

ვენსი, ამავდროულად, შეხვდა ულტრამემარჯვენე პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერს, ალის ვაიდელს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენში გამოსვლამ ბიძგი მისცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების სერიას ევროპის მისამართით, რამაც ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებში დაძაბულობა შექმნა.

გავრცელებული ცნობით, მარკო რუბიო სიტყვით შაბათს გამოვა. კითხვას, ელის თუ არა იგი ვენსის მსგავს კრიტიკას რუბიოსგან, იშინგერმა უპასუხა, რომ, მისი ვარაუდით, რუბიო ილაპაარაკებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე და "არა საკითხებზე, რომლებსაც მისი პორტფელი უშუალოდ არ მოიცავს".

მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ევროპის სამომავლო შესაძლებლობა უფრო მძლავრად წარდგეს საკუთარი შესაძლებლობებით და ერთიანი ხმით ილაპარაკოს - ამბობს იშინგერი.

დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის მიმართ ტრამპის გეგმებისთვის ევროპის მხრიდან გაცემული პასუხი მოწმობს, რომ ევროპას ამის გაკეთება ძალუძს. ტრამპმა უკან დაიხია ევროპისთვის ტარიფების დაწესების მუქარისგან და გამორიცხა გრენლანდიის ძალის გამოყენებით წაღება - ამ შეფასებას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

"ჩვენ უნდა გავცდეთ ამ, ევროპის 27 ჯუჯა სახელმწიფოს სურათს - როცა ყველა თვლის, რომ უწინდელივით შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება. ეს შეუძლებელია" - ამბობს მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელი.

უკრაინის დელეგაციას, გავრცელებული ინფორმაციით, უხელმძღვანელებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კონფერენცია რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის მეოთხე წლისთავამდე ცოტა ადრე იმართება.

მას მერე, რაც 2022 წელს მონაწილეობა გაუუქმდა, რუსეთს აღარ უთხოვია მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა - ამბობს იშინგერი.

მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ისრაელის ოფიციალური პირები. კონფერენციას ვირტუალურად მიმართავს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო.