მოსკოვის სასამართლომ ექსტრემისტულად მიიჩნია ხოდორკოვსკის წიგნი
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ მასალად მიიჩნია ემიგრაციაში მცხოვრები ბიზნესმენის, ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი შეფის, მიხაილ ხოდორკოვსკის წიგნი სათაურით "როგორ მოვკლათ დრაკონი" - იუწყება "ნასტოიაშჩეე ვრემია".
სასამართლოს საჩივრით მოსკოვის პროკურატურამ მიმართა - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო ტასსი.
წიგნი "როგორ მოვკლათ დრაკონი?: სახელმძღვანელო დამწყები რევოლუციონერებისთვის" 2022 წელს გამოიცა. თავად ხოდორკოვსკი ხსნიდა, რომ ამ წიგნით მკითხველს სთავაზობს სამოქმედო გეგმას იმ დროისთვის, როცა რუსეთში რეჟიმის ცვლილება გახდება შესაძლებელი. "თუ ფიქრობთ, რომ მე პუტინზე ვლაპარაკობ, ეს ასე არ არის. მე ვლაპარაკობ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე" - აცხადებდა ავტორი.
წიგნი ღიადაა ხელმისაწვდომი, მათ შორის მისთვის საგანგებოდ შექმნილ ვებსაიტზე. კვლევაში, რომელიც სასამართლოში დაიმოწმეს, ნათქვამია, რომ წიგნი "აყალიბებს უარყოფით, კრიტიკულ დამოკიდებულებას მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მკითხველებს მისი შეცვლისკენ უბიძგებს ... მეთოდებით, რომლებიც ძალადობრივს არ გამორიცხავს".
მიხეილ ხოდორსკოვსკი ერთ-ერთი წევრია ახლახან ჩამოყალიბებული პლატფორმისა, რომელიც რუსეთის დემოკრატიულ ძალებს აერთიანებს და რომელიც დაამტკიცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) - პლატფორმის მიზანია დიალოგის წარმოება ევროპელ პარლამენტარებთან. ამავე დროს, ხოდორკოვსკი არის "რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის" წევრი. ამ კომიტეტის წევრების წინააღმდეგ რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების, ტერორისტული გაერთიანების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებებით.
2003 წელს ხოდორკოვსკი და "იუკოსის" სხვა წამყვანი მენეჯერები დაადანაშაულეს სახსრების მითვისებაში სახელმწიფოსგან და ერთ-ერთი სააქციო საზოგადოებისგან. 2005 წელს ამ საქმის ფარგლებში ხოდორკოვსკის ცხრა წლით მიუსაჯეს პატიმრობა - მოგვიანებით მოსკოვის საქალაქო სასამართლომ განაჩენი შეარბილა. 2010 წელს მას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ნავთობის მიტაცებისა და მისი ლეგალიზაციის ბრალდებებით. "იუკოსის" საქმე გახდა ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ვლადიმირ პუტინის მმართველობის ადრეული ეტაპისა. 2013 წელს ხოდორკოვსკი შეიწყალეს და ფაქტობრივად რუსეთიდან გაასახლეს.
2015 წელს ბიზნესმენის წინააღმდეგ სხვა საქმე აღძრეს - მას ბრალად დასდეს ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობა, კიდევ ერთი მკვლელობის ორგანიზება. ხოდორკოვსკის დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა და საერთაშორისო ძებნა გამოცხადეს - თუმცა ინტერპოლმა უარი თქვა რუსეთის თხოვნის დაკმაყოფილებაზე და ხოდორკოვსკიზე ძებნის გამოცხადებაზე, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია. თავად ხოდორკოვსკიმ ბევრჯერ უარყო კავშირი მერის მკვლელობასთან.
2022 წლის მაისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხოდორკოვსკი გამოაცხადა ე.წ. "უცხოეთის აგენტად". 2024 წელს გავრცელდა ცნობა, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ აღიძრა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ცნობების" გავრცელების მუხლით.
