ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

სახიფათო თამაშების დასასრული - რა ელის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას? 

0

„რეალიზმის სამყაროში შეიძლება გქონდეს რაღაცის უფლება, მაგრამ თუ არ გაქვს მისი მიღწევის საშუალებები, მაშინ კომპრომისებზე უნდა წახვიდე“, - ეუბნება გერარდ ლიბარიდიანი რადიო თავისუფლებას.
სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი, დიპლომატი და წლების განმავლობაში ექსპრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის უფროსი მრჩეველი, გერარდ ლიბარიდიანი უშუალოდ მონაწილეობდა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში და ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი მომლაპარაკებელი იყო.

ის დეტალურად განიხილავს ყარაბაღის მეორე ომის შედეგებს, სომხეთის სტრატეგიულ შეცდომებს, რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და რუსეთზე დამოკიდებულების ილუზიებს. ვაჟა თავბერიძე გერარდ ლიბარიდიანს რეგიონში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვანსის დაგეგმილი ვიზიტის წინ ესაუბრა. ვანსი ერევანსა და ბაქოს 9-10 თებერვალს ეწვევა.
რადიო თავისუფლება: თქვენი ბოლო წერილებიდან ერთი ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა ყარაბაღის მეორე ომი წააგო, ბევრი სომეხი დღემდე თამაშობს სახიფათო თამაშს - თავს იკატუნებს, თითქოს ეს არც არასოდეს მომხდარა, ომი არ წაუგიათ“. სახიფათო თამაშები, საკმაოდ ხშირად, მოთამაშეებს ძვირად უჯდებათ ხოლმე. რა არის ამ თავის მოკატუნების ფასი, მით უმეტეს, თუ ამ თამაშს ვერ ეშვები და ისევ აგრძელებ?
გერარდ ლიბარიდიანი: პოლიტიკა უცილობლად კრახით სრულდება მაშინ, როცა ის რეალობაზე არ არის დაფუძნებული. თუ გაქვს მიზნები, მაგრამ არ გაქვს მათი მიღწევის საშუალებები და სტრატეგია და ამის ნაცვლად მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებ... ეს იწვევს ილუზიას და თვითმოტყუებას. როგორც ადრე დავწერე, აზერბაიჯანს შეეძლო ეს ომი ათჯერ წაეგო და შემდეგ კიდევ ეცადა ბედი - მათ ამის ფუფუნება ჰქონდათ. სომხეთს კი ომის წაგება მხოლოდ ერთხელ შეუძლია და მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგომა მისთვის ურთულესი იქნება. აზერბაიჯანს ჰქონდა ამისთვის საჭირო რესურსები, მეგობრები და მოკავშირეები; სომხეთს - არა. გეოპოლიტიკური რეალიზმის სამყაროში შეიძლება შენ რაღაცის უფლება გქონდეს, მაგრამ ეს უფლება ისევ ქაღალდზევე დარჩება უფლებად, თუ არ გაქვს მისი მიღწევის საშუალებები. და თუ არ გაქვს და თავადაც იცი, რომ არ გაქვს - მაშინ იქ, სადაც შესაძლებელია, კომპრომისებზე უნდა წახვიდე. პრაგმატული უნდა იყო.
რაღაცის უფლების ქონა არ არის ადეკვატური პასუხი და ვერ უტოლდება მეორე მხარის სამხედრო რესურსებსა და სტრატეგიას. სომხური მხარის არარეალისტურმა პოლიტიკამ, რომელიც 1998 წლიდან დაიწყო, გამოიწვია ყარაბაღში სომხების ყველაზე ფუნდამენტური უფლების დაკარგვა - წინაპართა მიწებზე ცხოვრების უფლება დაკარგეს. ქაღალდზე ეს უფლება მათ ისევ აქვთ, მაგრამ არც მისი რეალობად ქცევისთვის საჭირო საშუალებები გააჩნიათ და არც სტრატეგია.
ორი წლის წინ სომხების დიდი ნაწილი უკიდურესად შეშფოთებული იყო - ბევრი შიშობდა, რომ შესაძლოა, თავად სომხეთიც დაეკარგათ. ზოგი დარწმუნებულიც კი იყო, რომ ასეც მოხდებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ზოგიერთებს გადაავიწყდათ მაშინდელი შიში და ისევ ძველ მოდელს უბრუნდებიან - მაქსიმალური მოთხოვნების წამოყენებას და პოლიტიკის იმაზე აგებას, თუ რა უფლება გაქვს, და არა იმაზე, რისი გაკეთებაც რეალურად შეგიძლია.
რადიო თავისუფლება: 2026 წლის გადმოსახედიდან, ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის გამარჯვება გარდაუვალად მოჩანს - ცხადია, აზერბაიჯანი გაიმარჯვებდა იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც ბაქომ სამხედრო სფეროში ჩადო - მაგრამ ამ თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში რამ მისცა სომხეთს იმის რწმენა, რომ რაღაც მანქანებით, მაინც შეძლებდა თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნების მიღწევას, კომპრომისებზე წასვლის გარეშე?
გერარდ ლიბარიდიანი: როგორც ვთქვი, ეს იყო თვითმოტყუების ერთ-ერთი ფორმა. ყურადღებას ამახვილებ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკაზე, მხოლოდ იმაზე, რაც შენ გინდა, და ივიწყებ ან უგულებელყოფ, რომ მეორე მხარეც არსებობს, რომელსაც ასევე აქვს სიტყვა სათქმელი. იყო დრო, როცა ერევანში თვლიდნენ, რომ ეს საკითხი 1990-იან წლებში უკვე გადაწყდა და თუ ბაქოს ამასთან შეგუების პრობლემა ჰქონდა, ეს მისი საკუთარი პრობლემა იყო და არა ერევნისა. ის ფაქტი, რომ ამ კონფლიქტს ორი დაპირისპირებული მხარე ჰყავდა, მათ რატომღაც გამორჩათ - ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ გაიმარჯვეს და მორჩა, ამით ყველაფერი დასრულდა. ცხადია, ასე არ იყო.
რადიო თავისუფლება: თქვენი შეფასებით, რა როლი ითამაშა რუსეთმა ამ ყველაფერში - შეუქმნა თუ არა მან სომხეთს ცრუ უსაფრთხოების განცდა, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავ მოწინააღმდეგის მზარდ სამხედრო ძალას, მაინც გგონია, რომ დიდი ჩრდილოელი მეზობელი შენს მხარეს დადგება, ჩაერევა და შენს სასარგებლოდ მოაგვარებს საკითხს? რა ადგილი ეკავა რუსეთის „პატრონაჟს“ ამ თვითმოტყუებაში?
გერარდ ლიბარიდიანი: ამაზე ორი რამ შემიძლია ვთქვა. პირველი ის, რომ ყარაბაღის ლიდერების მსოფლმხედველობა ხშირად მართლაც განისაზღვრებოდა იმით, რასაც მათ რუსეთი ჩააგონებდა. იმ პერიოდში სომხური მხარე მოქმედებდა რუსეთისადმი ლამის ინსტინქტური ნდობის საფუძველზე - რუსეთისა, როგორც მისი დამცველისა და მხსნელისადმი. სომხებს სჯეროდათ, რომ რუსეთი მათ არათუ არ - ვერ უღალატებდა.
მეორე კი ის არის, რომ როგორც ყარაბაღის, ისე სომხეთში არსებული ნაციონალისტური ძალები ამტკიცებდნენ: თუ აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, სომხეთს ჰყავს დიასპორა. რაღაც მანქანებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიასპორა აზერბაიჯანის ნავთობის ეკვივალენტი იყო, და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმეტყველი შტრიხია რეალობის უარყოფის იმდროინდელი მასშტაბების გასააზრებლად. ჩემი გადმოსახედიდან, სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან შესამჩნევად ნაკლებია თვითმოტყუება და მეტია რეალობასთან შეგუება. ყოველ შემთხვევაში, ამის ფონზე იცვლება სომხეთში რუსეთის პოლიტიკის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც.
რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად ახლოს ვართ რეალურ და მდგრად მშვიდობასთან?
გერარდ ლიბარიდიანი: ვიტყოდი, რომ ახლოს ვართ უკვე მიღწეული მშვიდობის კონსოლიდაციასთან. მხარეები ეფუძნებიან იმ ურთიერთნდობას, რომელიც ჩამოუყალიბდათ, და ყოველდღიურად ჩნდება ნდობის განმტკიცების ახალი ზომები. გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ ორივე მხარე მზად ჩანს მათი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისთვის. ორივე მხარემ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, განაცხადა, რომ ომი დასრულებულია, და შეთანხმების შემდეგ მათი ქმედებებიც ამას ადასტურებს.
უკიდურესად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით იქნა შემუშავებული - მესამე მხარის დიქტატის გარეშე - და ეფუძნება იმ ინტერესებს, რომლებიც ორივე სახელმწიფომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებად განსაზღვრა. რა თქმა უნდა, არ არსებობს აბსოლუტური გარანტია, რომ მშვიდობა ყველა და ნებისმიერ გარემოებაში შენარჩუნდება. მაგალითად, სომხეთში მომავალი არჩევნების შედეგად შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს; ახალმა მთავრობამ შესაძლოა უარყოს არსებული პოლიტიკა, უარი თქვას სამშვიდობო შეთანხმებაზე და ისევ მაქსიმალისტურ განცხადებებს დაუბრუნდეს. ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანის პოლიტიკის შეცვლასაც გამოიწვევს. თუ სომხეთი შეიცვლება, აზერბაიჯანიც შეცვლის მიდგომას. თავის როლს თამაშობს დღევანდელი საერთაშორისო ვითარებაც, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ქაოსურია. ქაოსი ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის, მაგრამ ამავე დროს ზრდის გაურკვევლობასა და არაპროგნოზირებადობას დიდი აქტორების მხრიდან. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ და ბაქო და ერევანი შეძლებენ ამ ქაოსში გონივრულად ნავიგაციას.
რადიო თავისუფლება: თქვენ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ეს იყო ორმხრივი პროცესი, დიდი აქტორების მხრიდან პირობების კარნახის გარეშე, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. თუმცა არის ერთი დიდი აქტორი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობას და მეტიც - ომის დასრულებას საკუთარ დამსახურებად წარმოაჩენს. როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის როლს ამ პროცესში, მათ შორის TRIPP-ის - (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტს? მოასწავებს თუ არა ეს აშშ-ის პოლიტიკის გრძელვადიან ან სულ მცირე საშუალოვადიან ცვლილებას სამხრეთ კავკასიაში - უფრო აქტიურ, უფრო ჩართულ მიდგომას - თუ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც ნობელის მშვიდობის პრემიის მისაღებად საჭირო კიდევ ერთ არგუმენტს?
გერარდ ლიბარიდიანი: ეს ამოსავალი კითხვაა. განვმეორდები - ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა გვახსოვდეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, არის ის, რომ იგი გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული გარე შუამავლებზე, მათ შორის აშშ-ზე, ასევე TRIPP-ის შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე. მეორე ფაქტორი ის არის, რომ აშშ-ს რეგიონში ინტერესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუდმივად ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობაც არსებითად ამ ხაზის გაგრძელებაა. ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ თანმიმდევრულია და აგრძელებს ჩართულობას.
ამ ყველაფრის გასაღები ნაკლებად უნდა ვეძიოთ აშშ-ის პოლიტიკაში და უფრო მეტად სომხეთისა და აზერბაიჯანის შეცვლილ პოზიციებში - და იმაში, რომ აშშ ამ ცვლილებებით სარგებლობს. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არ გააჩენს ზედმეტ თვითდაჯერებას აშშ-ის ჩართულობის მიმართ უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ TRIPP-მა შესაძლოა წლების განმავლობაში თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგოს, თუ ყველა სხვა სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნება და ცენტრალური სომხეთის გავლით გამავალი გზები, სამხრეთის შემოვლისა და შემდეგ ჩრდილოეთისკენ სვლის ნაცვლად, უფრო პრაქტიკული გახდება. რაღა დაგიმალოთ და იმასაც ვისურვებდი, რომ TRIPP-ს სხვა სახელი ჰქონოდა - სიმბოლიკასაც აქვს მნიშვნელობა.
რადიო თავისუფლება: თქვენ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებთ იმას, რასაც ბევრი ბაქოსა და ერევნის ერთგვარ გეოპოლიტიკურ მასტერკლასად აღიქვამს - აშშ-ის მოზიდვას რეგიონში რუსეთის საპირწონედ. თუ 1990-იანი წლების ქუჩის ლოგიკით ვიტყვით, ეს დაახლოებით ჰგავს იმას, რომ მეზობელ ქუჩაზე მცხოვრები„ავტორიტეტი“ მოიყვანო შენი ქუჩის გარჩევის მოსაგვარებლად. სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ეს თითქოს სერიოზული გეოსტრატეგიული მიღწევაა - ჰქონდეთ შესაძლებლობა მივიდნენ ტრამპთან და უთხრან: ვლადიმირი იმ მშვიდობას არღვევს, რომელიც თქვენ ასე ფრთხილად ააშენეთ, იმედია, ამის უფლებას არ მისცემთ.
გერარდ ლიბარიდიანი: დიახ, მე ასეთ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან აშშ-ზე ფსონის დადებას, როგორც რუსეთის საპირწონეზე რეგიონში. როცა საქმე უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხს და მოსკოვის შესაძლო მტრული ნაბიჯების შეკავებას ეხება, არსებობს ზღვარი იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ და დასავლეთი რუსეთის დასაბალანსებლად - სულ მცირე, სამხრეთ კავკასიაში. საქართველო ამ მხრივ ყველაზე ნათელი მაგალითია.
თუ გაგრძელდება ტენდენცია, სადაც ერევანი და ბაქო ერთმანეთთან კოორდინაციაში ატარებენ პოლიტიკას და მშვიდობის ერთობლივად მიღწევას ცდილობენ, ამ შემთხვევაში მოსკოვის ბერკეტები შესუსტდება და ორ რესპუბლიკას ნაკლებად დასჭირდება სხვებზე დაყრდნობა. იმედია, ასეთი თანამშრომლობის შედეგად საბოლოოდ მივალთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებასა და რეგიონში ახალი წესრიგის წარმოქმნასთან - წესრიგის, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, მაგრამ რეგიონს სხვებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომ ნადავლად აქცევს.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებამდე დარჩენილ ბარიერებსა და დაბრკოლებებზეც გკითხავთ - რამდენად გადაულახავია ისინი?
გერარდ ლიბარიდიანი: გადაულახავ პრობლემებს ვერ ვხედავ. როგორც ვთქვი, ქვეყნებმა საკუთარი ეროვნული ინტერესები განსაზღვრეს და ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - პირველ რიგში იმაში, რომ ორივე მხარეს მშვიდობა სურს.
რადიო თავისუფლება: თუ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება საბოლოოდ მართლაც იქცევა რეალობად, როგორ გარდაქმნის ის რეგიონს?
გერარდ ლიბარიდიანი: როცა ანალიტიკოსები და კომენტატორები რეგიონზე საუბრობენ, თვალწინ მილსადენები, სატრანზიტო მარშრუტები, გეოპოლიტიკური ინტერესები და დაპირისპირებები უდგათ, ხალხი, უბრალო ადამიანები კი ავიწყდებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ის, რომ რეგიონში მცხოვრებ ხალხს მშვიდობა ექნება. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები აღარ დაიღუპებიან ახალ ომებში, გაუმჯობესდება შიდა ეკონომიკური დინამიკა და სახელმწიფო ბიუჯეტები გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვის ხარჯებს აღარ მიებმება. რა თქმა უნდა, შეიცვლება საერთაშორისო მარშრუტების არქიტექტურაც - აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩინეთიდან ევროპამდე და მის ფარგლებს გარეთ - და ამას დამატებითი სარგებელიც მოჰყვება.
რადიო თავისუფლება: ამ ახალი მარშრუტებისა და დინამიკის ჩამოყალიბებამ შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს. ამ კონტექსტში საგულისხმო იყო პრეზიდენტ ალიევის ფრაზაც დავოსიდან, როცა მან თქვა: ის, რაც დღეს საქართველოს გავლით გადის, ერთ დღეს სომხეთის გავლით გაივლისო.
გერარდ ლიბარიდიანი: საქართველო არ დაკარგავს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შედეგად რეგიონული სავაჭრო მოცულობა გაიზრდება. ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება რეგიონში.
რადიო თავისუფლება: მაშინ ისევ დიდ აქტორებს მივუბრუნდეთ. დავოსიდან კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფრაზა გავიხსენოთ - პრეზიდენტმა ტრამპმა, როცა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მოაგვარა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აღნიშნა, რამდენად გაკვირვებული იყო ვლადიმირ პუტინი მის მიერ მიღწეული შედეგით, და შემდეგ: „ეს ხომ მისი ტერიტორიაა“. რას ფიქრობთ ამაზე? თუ ტრამპი მართლაც ასე უყურებს რეგიონს, როგორ ეწერება TRIPP პროექტი ამ ლოგიკაში? თუ ეს უბრალოდ ფიგურალური გამოთქმა იყო?
გერარდ ლიბარიდიანი: აშშ-ის პრეზიდენტისადმი სრული პატივისცემის მიუხედავად, მომიწევს ვაღიარო, რომ პუტინთან მისი საუბრების ანალიზისას, თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ მონაყოლს ძნელად თუ დაეყრდნობა ადამიანი. TRIPP პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ორივე ქვეყნისთვის, და სატრანზიტო მარშრუტის მართვის შეთანხმება აშშ-ისთვის სერიოზულ მიღწევას წარმოადგენს - თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ამის მიღწევა რუსეთს გაცილებით ადრე შეეძლო, მაგრამ ამის გაკეთება არ ისურვა.
რადიო თავისუფლება: რუსეთზე გავაგრძელოთ - როგორ ფიქრობთ, როგორ რეაგირებს იგი კავკასიიდან „გამოძევების“ ამ საკმაოდ აშკარა მცდელობებზე? მოსკოვისთვის ხომ ეს მისი ტრადიციული გავლენის სივრცეა, არა? უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, რამდენად სავარაუდოა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ფასის გადახდა მოუწიოთ იმისთვის, რომ „მოულოდნელად აღმოაჩინეს“, რომ თურმე შეუძლიათ სადავო საკითხები თვითონვე, რუსეთის ჩაურევლად მოაგვარონ?
გერარდ ლიბარიდიანი: როცა - და თუ - უკრაინის ომი დასრულდება, ყოველთვის იარსებებს ალბათობა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გარკვეული ფასი გადაიხადონ. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რას გააკეთებს რუსეთი. თუმცა რაც გარდაუვალად ჩანს, არის ის, რომ რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, გადახედვას საჭიროებს. უკრაინით რუსეთის გადატვირთულობამ და ამ ომის საერთაშორისო შედეგებმა, გარკვეულწილად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის პარალიზება მოახდინა. დღეისთვის რუსული საგარეო პოლიტიკა კვლავ ძველ ინსტინქტებზე დაყრდნობით მუშაობს.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ რუსეთის გავლენა სომხეთში მნიშვნელოვნად შესუსტდა - ის გავლენა, რომელიც ეფუძნებოდა მოსახლეობის ტრადიციულად პრორუსულ განწყობასა და ზოგ შიდა აქტორს. რუსეთმა დაკარგა ეს კრიტიკული ბერკეტი, სულ მცირე სომხეთის მოსახლეობაში, რადგან მოსკოვმა ვერ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც 2020 წელს ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო გარანტიების, ხოლო 2023 წელს თავად სომხეთის საზღვრების დაცვის კუთხით ჰქონდა აღებული. კრემლში, ცხადია, არ სურთ გააცნობიერონ ამ მენტალური ცვლილების შედეგები სომხურ საზოგადოებაში და საკუთარი პოლიტიკა ამას მოარგონ. რუსეთი კვლავაც ელოდება, რომ სომხეთი მის ყველა ნათქვამს თავს დაუქნევს, იმის მიუხედავად, თუ როგორ იქცევა თავად რუსეთი.
მოსკოვის ტრადიციული პოლიტიკა ყოველთვის სომხეთის თურქეთით დაშინებას ეყრდნობოდა - სანამ ერევანში თურქეთის შიში უკარნახებდათ თითოეულ ნაბიჯს, მოსკოვი თვლიდა, რომ სომხეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა მოსკოვისკენ მიბრუნებისა. ზოგიერთი შიდა აქტორი, მათ შორის ეკლესია, ამ ლოგიკას იზიარებდა, თუმცა სომხეთის მოსახლეობამ რუსეთის მიმართ ნდობა დაკარგა, და ამან გზა გაუხსნა ახალ აზროვნებას, რომლის მიხედვითაც სომხეთი მარტოა, მოკავშირეები არ ჰყავს და ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს პრობლემები მეზობლებთან - კერძოდ, აზერბაიჯანსა და თურქეთთან, იმ მეზობლებთან, რომლებიც სომხეთის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღიქმებიან. და ვხედავთ, რომ სომხეთის მთავრობამ მართლაც გადადგა ნაბიჯები ორივე მიმართულებით.
რადიო თავისუფლება: და ჩანს, რომ ამან შედეგი გამოიღო.
გერარდ ლიბარიდიანი: მთავრობის პოლიტიკამ იმუშავა, რადგან აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა, რომ აღარ სჭირდება სომხეთთან კონფლიქტი და რომ მშვიდობა სომხეთთან აუცილებელია მისი უფრო ფართო პოლიტიკურ მიზნების მისაღწევად. თურქეთი კი 1993 წლიდან აცხადებს, რომ სომხეთთან პრობლემა არ აქვს, თუმცა მის ურთიერთობებს ერევანთან ის განსაზღვრავს, თუ როგორ მოაგვარებს სომხეთი საკითხებს ბაქოსთან. ჩვენ სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით საზღვრის ეტაპობრივ გახსნას და თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. მე მჯერა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ნორმალიზდება. ასეთ პირობებში მოსკოვს მოუწევს საკუთარი პოზიციის გადახედვა.
რა თქმა უნდა, მოსკოვმა შეიძლება სცადოს ძალის გამოყენება სომხეთის დასასჯელად, მას შეუძლია ასევე გააძლიეროს ჩარევა სომხეთის შიდა პოლიტიკაშიც - გამოიყენოს ტრადიციული შიდა მოკავშირეები ქაოსის შესაქმნელად და მისთვის სასურველი, პრორუსული რეჟიმის მოსაყვანად.
მე არ მაქვს ამბიცია, რუსეთს რჩევები მივცე. როგორც ისტორიკოსს, ყოველთვის დიდი რიდი და პატივისცემა მქონდა რუსული დიპლომატიის მიმართ. მოსკოვი თავად განსაზღვრავს საკუთარ ინტერესებს, თუმცა შემიძლია აღვნიშნო, რომ ძალის გამოყენებასა და ქაოსის წარმოებაზე დამყარებული პოლიტიკის შედეგები, დიდი ალბათობით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის სასარგებლო არ იქნება. მოსახლეობების აბსოლუტური უმრავლესობის რუსეთის წინააღმდეგ განწყობა არ მგონია საუკეთესო გზა რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად და საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად - ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც საბჭოთა გამოცდილებამ აჩვენა, ეს არ მუშაობს.
რადიო თავისუფლება: და თუ განვიხილავთ იმას, რასაც პირობითად „ქართულ სცენარს“ უწოდებენ - ანუ იმგვარ მოდელს, როდესაც სომხეთი გაუცხოების ნაცვლად, დაახლოვდება რუსეთთან, როგორც ეს საქართველოში ვნახეთ?
გერარდ ლიბარიდიანი: რუსეთმა უკვე სცადა „ქართული სცენარის“ გამეორება სომხეთში, ყველა ინსტრუმენტი აამუშავეს - იქნება ეს ნაციონალისტური ძალების გააქტიურება, ოლიგარქების ჩართვა თუ ეკლესიის გამოყენება „ქართული სცენარის“ გასამეორებლად - სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, რადგან სომხეთის მთავრობა ამგვარ ჩარევას მკაცრად უპირისპირდება და მკაფიოდ ასხვავებს რუსეთის ინტერესებს საკუთარი ეროვნული ინტერესებისგან. მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში აქვს ლეგიტიმური ინტერესები, თუმცა ამ ინტერესებზე მეტის მიღწევა მიუღებელი საშუალებებით უკვე სხვა საკითხია. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის არჩევანი და მანევრირების სომხეთში დღეს შეზღუდულია. ხოლო აზერბაიჯანში კი ისინი კიდევ უფრო შეზღუდულია.