ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

შარლოტ რემპლინგის გამოცდილება

0

„ფოქსტროტი“(1976, დიდი ბრიტანეთი-მექსიკა, რეჟისორი არტურო რიპშტეინი)წლევანდელი ზამთარი მეტისმეტად უხვია დიდი მსახიობების იუბილეებით, თუმცა 80 წელი შარლოტ რემპლინგის დაბადებიდან, ვფიქრობ, განსხვავებულად აღინიშნება. დიდ ინგლისელ მსახიობს შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი აქვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის ერთდროულად ეწყობა სამი ფილმის პრემიერა შარლოტ რემპლინგის მონაწილეობით. ესენია: ჯასტინ ჩედვიკის „სახეები“, არნო დეპლეშენის „ორი პიანინო“ და, რაც მთავარია, ჯიმ ჯარმუშის შედევრი „მამა, დედა და და-ძმა“, რომელსაც უკვე უჩვენებენ საქართველოს კინოთეატრებში. რემპლინგი ხვდება თაყვანისმცემლებს, აწყობს მასტერკლასებს. დიდი ხანია ასეთი აქტიური არ ყოფილა. არადა, ერთხანს სრულიად გაუჩინარდა - 70-იან წლებში, ჟან-მიშელ ჟართან განქორწინების შემდეგ, მძიმე ფსიქიკური კრიზისის გადალახვა მოუხდა, ფსიქიატრიულ მკურნალობასაც მიმართა... მოგვიანებით შარლოტ რემპლინგი გაიხსენებს ამ პერიოდს და იტყვის, რომ კრიზისის გამოცდილებამ უფრო ორგანიზებული გახადა, ასწავლა ემოციის შეკავება, გაიაზრა დუმილის ძალა, საკუთარი თავის გადარჩენის შესაძლებლობა ზედმეტი ჟესტების და მიმიკის გარეშე.

არადა, მისი კარიერა დაიწყო როკენროლის და ჰიპების, სტუდენტური მოძრაობისა და ანტისაომარი აქციების ეპოქაში, როდესაც სამყარო სწორედ ვნებებისგან ქუხდა. ერთ-ერთი პირველი როლი ითამაშა „ვნებების ოსტატის“, ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“, რომელიც ვისკონტის უმცროსმა მეგობარმა, ლილიანა კავანიმ ნახა და ვისკონტის რჩევით სინჯების გარეშე მიიწვია რემპლინგი მთავარი როლის შესასრულებლად კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფილმში „ღამის პორტიე“. სკანდალურ და, ამავდროულად, პროგრამულ ფილმში, რომელიც ბევრმა გაიგო, როგორც ფაშიზმის ესთეტიზაცია, ფაშიზმის გამართლებაც კი...

მოგვიანებით ლილიანა კავანის ფემინისტებისგანაც მოხვდა „ფატალური ქალის“ სტერეოტიპის დამკვიდრების გამო. არადა, თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ასახიერებს რემპლინგი თავის პერსონაჟს, როგორ თამაშობს ტრაგედიას, აუცილებლად დავეთანხმებით ლილიანა კავანის, რომელიც გამუდმებით იმეორებდა, რომ რემპლინგის გმირი არც მსხვერპლია და არც ფატალური ქალი - ის არის ისტორიული ტრავმის ცოცხალი მატარებელი სხეული, რომელშიც ძალაუფლება და სურვილი ერთმანეთისგან აღარ გამოიყოფა.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შარლოტ რემპლინგი არასდროს ცდილობს თავი მოაწონოს მაყურებელს. როგორც წესი, მისი გმირები ცივი, ჩაკეტილი, ემოციურად მიუწვდომელნი არიან. მაგრამ პარადოქსი სწორედ ესაა - დისტანცია ქმნის ჰიპნოზს. ბერლინური სიცივე ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“, დუმილი და დანაშაულის აჩრდილი ფრანსუა ოზონის ფილმში „ქვიშის ქვეშ“, ასაკისა და სურვილის წინააღმდეგობა ოზონის „აუზში“ - აქ მისი სახეები კი არ ვითარდება, არამედ იშლება, ნელა და უმტკივნეულოდ.

ასაკის მატებასთან ერთად რემპლინგმა ახალ ფორმას მიაგნო (“სტილის ხატი“ სწორედ გვიანდელი როლების გამო შეარქვეს). მისი სახეები ფილმებში „45 წელი“ და “ჰანა” არის ადამიანური გამოცდილების სილამაზე, როგორც ფრანსუა ოზონი წერდა, „ისტორია სახეში“... არსებითად განვითარება იმისა, რაც დაიწყო „ღამის პორტიეში“ - წარსულმა შეიძლება ადამიანი გაანადგუროს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ „განწმინდოს“, როგორც ტრაგედიის გმირი.

რემპლინგისთვის ასაკი სისუსტე არ არის, ეს უფრო დროის შეკუმშვაა: წარსული ერთ მზერაში, ერთ პაუზაში, ერთ შეჩერებულ სუნთქვაში იჩენს თავს. ამიტომ მაყურებელი ხშირად ამ მოლოდინში ადევნებს მას თვალყურს, რათა არ გამოეპაროს მთავარი - ის წამი, როდესაც შარლოტ რემპლინგი სიცივის და მიუკარებლობის ნიღაბს იხსნის ხოლმე. ამითაც განსხვავდება თავისი თანატოლი ვარსკვლავებისგან, რომლებმაც - თითქმის ყველამ - პლასტიკური ქირურგიის დახმარებით გადაწყვიტეს ასაკის შენარჩუნება და ასე თქვეს უარი… სახის შენარჩუნებაზე. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, მაკიაჟსაც კი ძალიან იშვიათად იკეთებს… მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე MAC-ის სახე იყო.

რატომ ნიღაბი? იმიტომ, რომ ადამიანური გამოცდილება თითქმის არასდროს არის ჰარმონიული და არც აუცილებლად გასაგები. ვფიქრობ, ფრანსუა ოზონი პირველი რეჟისორი იყო, რომელმაც რემპლინგის ეს ნიღაბი გაათამაშა. ოზონმა, ფაქტობრივად, გადაარჩინა მსახიობი, მძიმე დეპრესიიდან გამოიყვანა და კინოს დაუბრუნა. რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნში, რომელიც რემპლინგმა თავის დას მიუძღვნა (მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე), მსახიობი წერს, რომ ცხოვრებისეული ტკივილი ყოველთვის აღიბეჭდება ადამიანის სახეზე და თითქმის ყოველთვის ალამაზებს მას.

ამ იდუმალებაზე ააგო ფრანსუა ოზონმა თავისი ორი საუკეთესო ფილმი “ქვიშის ქვეშ” და “აუზი”… არც მანამდე და არც ამის შემდეგ ფრანგ რეჟისორს ასეთი შთამბეჭდავი, ასეთი ღრმა, ასეთი მთლიანი ფილმი არ გადაუღია, რაც, რა თქმა უნდა, რემპლინგის დამსახურებაა, მის მიერ შექმნილი ეკრანული სახეებისა, რომლებიც არ განუგეშებენ, მაგრამ მაინც გიზიდავენ. იმედია, ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. იმედია, ახალი შედევრები გველის მისი მონაწილეობით.

„ფოქსტროტი“ არ არის საუკეთესო ფილმი შარლოტ რემპლინგის ბიოგრაფიაში, მაგრამ არჩევანი სწორედ რიპშტეინის ამ სურათზე შევაჩერე ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფილმის სრულ ასლს მივაგენი იუტუბზე, მეორეც - „ფოქსტროტი“ სწორედ იმ დროსაა გადაღებული, როცა რემპლინგის პოპულარობა პიკს აღწევს. მექსიკელი რეჟისორის, თავის დროზე ლუის ბუნუელის ასისტენტის, არტურო რიპშტეინის ეს ფილმი, რომელიც ჟან რენუარის „თამაშის წესების“ თავისუფალი ინტერპრეტაციაა, მოგხიბლავთ სტილის შესანიშნავი გრძნობით (რიპშტეინმა „საავტორო კინოში“ ადგილი დაიმკვიდრა, პირველ რიგში, როგორც სტილისტმა), მსახიობთა ბრწყინვალე ანსამბლით (რემპლინგს პარტნიორობას უწევენ პიტერ ო’ტული და მაქს ფონ სიუდოვი), პიტ რუგოლოს დაუვიწყარი მუსიკით და, რა თქმა უნდა, შარლოტ რემპლინგის სილამაზით. ზოგიერთ ეპიზოდში მას თითქოს თამაში არც სჭირდება - გარეგნობა ისეთი აქვს, რომ „დრამატურგია“ და „სიუჟეტი“ მის მზერაში, მის პლასტიკაში ვითარდება.

ფილმის ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: