ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მოსკოვი აუქმებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტს

0

შეჩერდება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსული შიდა პასპორტების (პირადობის მოწმობის) გამცემი პუნქტის მუშაობა, ამის შესახებ სოხუმში "რუსეთის საელჩო" აცხადებს.

განცხადებაში მითითებულია, რომ რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „აფხაზი მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით“, "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და 2025 წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე". გარდა ამისა, 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხსნა რუსული მართვის მოწმობების გაფორმების პუნქტი.

„ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივისცემით ეკიდება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. შესაბამისად, ამ დოკუმენტების გაცემა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის გადავა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდნენ ე.წ. პარლამენტის წევრები, მათ შორის კან კვარჩია, რომელზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა, ასევე ადვოკატი ირაკლი ბჟინავა, რომელიც, Telegram-ის არხების ცნობით, დონის როსტოვში 5 თებერვალს დააკავეს.

2022 წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე "გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების" არაღიარების თაობაზე.

მანამდე ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში" გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.