ru24.pro
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

FT: აშშ-ში განიხილავენ "სამშვიდობო საბჭოს" საქმიანობის უკრაინისთვისაც გაფართოებას

0

აშშ-ის ოფიციალური პირები გამოვიდნენ იდეით გაფართოვდეს ღაზის სექტორისთვის შექმნილი "სამშვიდობო საბჭოს" საქმიანობის სფერო, და მან უკრაინა და ვენესუელაც მოიცვას. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა Financial Times-ი.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "სამშვიდობო საბჭოს" აღიქვამს "გაეროს პოტენციურ შემცვლელად... თავისებურ პარალელურ, არაოფიციალურ ორგანოდ, ღაზის სექტორის მიღმა სხვა კონფლიქტების გადაწყვეტისთვის".

არაბმა დიპლომატმა FT-ს უთხრა, რომ რეგიონში ამ იდეას "სიფრთხილით" ეკიდებიან, ვინაიდან "ეს არაა ჩვეულებრივი პროცედურა".

უკრაინის მაღალი რანგის ჩინოვნიკი - რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა - ამბობს, რომ ტრამპის ხელმძღვანელობით "სამშვიდობო საბჭოს" შექმნა არის ნაწილი კონფლიქტის გადაჭრის წინადადებებისა. ამ პირის თქმით, ახალი ორგანოს შემადგენლობამ შესაძლოა მოიცვას უკრაინის, ევროპის, ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები - ისინი მეთვალყურეობას გაუწევენ 20 პუნქტისგან შემდგარი სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა 17 იანვარს თქვა, რომ აშშ-ში უკრაინის დელეგაცია ჩავიდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისთვის. დელეგაცია მოიცავს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს და პარლამენტარ დავით არახამიას. ბუდანოვის თქმით, იგეგმება შეხვედრა ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ასევე არმიის მდივან დენიელ დრესკოლთან. მოლაპარაკებების მსვლელობისას განიხილავენ სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს.

თეთრმა სახლმა მანამდე გამოაცხადა ღაზის სექტორის "სამშვიდობო საბჭოს" შემადგენლობა. მისი წევრები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფი, ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი, ამერიკელი ბიზნესმენი, მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი, აჯაი ბანგა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩევლის მოადგილე, რობერტ გაბრიელი. იუწყებიან, რომ საბჭოს თითოეული წევრი უხელმძღვანელებს ამოცანათა განსაზღვრულ პორტფელს, რომლებსაც "გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ღაზის სექტორში ვითარების სტაბილიზაციისთვის".

ღაზის სექტორის მიმართულებით ეროვნულ კომიტეტს უხელმღვანელებს ალი შაათი - რომელიც უწინ მაღალი რანგის პოსტებზე მუშაობდა პალესტინის ადმინისტრაციაში.

"სამშვიდობო საბჭოსა" და ეროვნულ კომიტეტს შორის დამაკავშირებელი პირი იქნება ბულგარელი დიპლომატი, ნიკოლაი მლადენოვი.