ბუდანოვი: მზადდება ჯარების დაკომპლექტებაში არსებული კორუფციის საწინააღმდეგო ზომები
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, კირილო ბუდანოვმა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედ პრობლემებად დაასახელა როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების (TRC) სისტემაში არსებული კორუფცია, ასევე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საკუთარი დანაყოფების უნებართვოდ დატოვება. მან ეს განცხადება გააკეთა გენერალური შტაბისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
ბუდანოვის თქმით, ამ ორივე პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადდება „გასაგები და ეფექტიანი გადაწყვეტილებები“. მას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ზომები გატარდება.
2022 წლის 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში მოქმედებს საომარი მდგომარეობა და მობილიზაციის რეჟიმი. სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება შეზღუდულია, ხოლო გადავადების არქონის შემთხვევაში წვევამდელები შეიძლება მობილიზებულ იქნენ.
მობილიზაციის საკითხებს აგვარებენ დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრები. მათი საქმიანობა დავის საგნად იქცა უკრაინულ საზოგადოებაში. ცნობილია როგორც კორუფციის (ქრთამის სანაცვლოდ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება) ასევე წვევამდელების მიმართ ძალადობის შემთხვევები. ინტერნეტში ვრცელდება დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების საქმიანობის მრავალი ვიდეო, რომლებზეც სხვათა შორის აქცენტს აკეთებს რუსული პროპაგანდა. უკრაინის ხელისუფლება აღიარებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ან საკუთარი დანაყოფების უნებართვოდ დატოვების პრობლემას.
კირილო ბუდანოვმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს რამდენიმე გახმაურებულ ოპერაციას უწევდა კოორდინაციას მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გურ) ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას, რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა სათავეში პრეზიდენტის ოფისს, მას შემდეგ, რაც ანდრი ერმაკი კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა ამ თანამდებობიდან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს დაწერა, რომ დღეს ბუდანოვთან კიდევ ერთი თემა განიხილა - სანქციების პოლიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი, 10 იანვარს კვლავ დაუკავშირდა ამერიკელ პარტნიორებს სამშვიდობო ინიციატივის საკითხზე.
