ru24.pro
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის მხრიდან "ორეშნიკით" დარტყმის დროს ლვოვთან გადაადგილდებოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

0

9 იანვარს, დილით კიევში ჩავიდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, პეტრ მაცინკა. ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია მას მერე, რაც გასული წლის ბოლოს ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოვიდა ანდრეი ბაბიშის მთავრობა. ჩეხეთის მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაცინკა, დელეგაციიასთან ერთად, მატარებლით მგზავრობდა უკრაინის დასავლეთის საზღვართან იმ ღამეს, როცა უკრაინა დაექვემდებარა მასშტაბურ თავდასხმას რუსეთის მხრიდან - მათ შორის "ორეშნიკის" ტიპის, საშუალო რადიუსის რაკეტის გამოყენებით ლვოვის ოლქში. იმ მომენტში, როცა ლვოვის ოლქზე "ორეშნიკით" მიიტანეს დარტყმა, მატარებელი ლვოვიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე იყო.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის დარტყმების შესახებ კიევში ჩასვლის შემდეგ ილაპარაკა - განაცხადა, რომ აუცილებელია "შეწყდეს ხოცვა, თავდასხმა, სროლა და ასე შემდეგ". მინისტრის თქმით, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისას ზოგჯერ კონფლიქტის დროებითი ესკალაცია ხდება, რათა ამა თუ იმ მხარემ "სახე შეინარჩუნოს". ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ არ სჯერა რუსეთის ვერსიისა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმის თაობაზე. "ორეშნიკით" განხორიციელებულ იერიშს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სწორედ ამ ინციდენტზე პასუხად აცხადებს.

მაცინკა უკრაინაში ჩავიდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაღვივებული სკანდალის შემდეგ - რომელიც გამოიწვია ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელის, ტომიო ოკამურას განცხადებებმა. საახალწლო მილოცვაში ოკამურამ, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებას უწოდა "ზელენსკის ხუნტა" და განაცხადა, რომ ჩეხეთი აღარ დააფინანსებს "ოქროს უნიტაზებს" უკრაინის კორუმპირებული პირებისთვის. ოკამურას სიტყვებმა და ინტონაციამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია ჩეხეთში უკრაინის ელჩისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. რამდენიმე დღის წინ გაიმართა სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რის შემდეგაც ორივემ განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოიწურა - ხოლო მაცინკამ დაადასტურა, რომ კიევში აპირებდა გამგზავრებას.