ასადის პორტრეტის გარეშე - სირიაში მიმოქცევაში შევიდა ახალი ბანკნოტები
2026 წლის იანვრიდან სირიაში მიმოქცევაში შევიდა ეროვნული ვალუტის, სირიული გირვანქის(სირიული ლირის) ახალი ბანკნოტები. მათზე აღარ არის ქვეყნის ყოფილი მმართველის, ბაშარ ასადის პორტრეტი.
ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლიდან. მისი რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაემხო.
ახალ ბანკნოტებზე აღარ არის არც ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზ ასადის პორტრეტი. ის სირიას 1971-2000 წლებში მართავდა.
სირიის ცენტრალურმა ბანკმა პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მონაწილეობით 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამართა ახალი ბანკნოტების პრეზენტაცია. მისი ამსახველი ფოტოები სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა.
სხვადასხვა ნომინალის ახალ ბანკნოტებზე გამოსახულია ვარდები, ხორბალი, ზეთისხილი და სხვა სიმბოლოები, რომლებიც ხაზს უსვამენ ქვეყნის ეკონომიკურ და გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
სიახლეა ისიც, რომ ახალ ბანკნოტებზე ორი ნულით ნაკლებია.
სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება დენომინაციის დახმარებით ცდილობს ნდობის აღდგენას ეროვნული ვალუტისადმი, რომლის კურსი სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლიდან მნიშვნელოვნად დაეცა და თუ მანამდე ერთი აშშ დოლარი 50 გირვანქა ღირდა, დაახლოებით 11 ათას გირვანქამდე გაიზარდა.
სირიის ცენტრალური ბანკი არ აკონკრეტებს, სად იბეჭდება ახალი ბანკნოტები. 2012 წლიდან სირიის ეროვნულ ვალუტას რუსეთში ბეჭდავდნენ. 2025 წლის მაისში მედია წერდა, რომ სირიის ახალი მთავრობა ეროვნული ვალუტის დასაბეჭდად არაბთა გაერთიანებული საამიროების, ან გერმანიის კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს. აგვისტოში სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა, რომ სირიის ახალ დენომინირებულ კუპიურებს ისევ რუსეთის საწარმო „გოზნაკი“ დაბეჭდავდა.
სირიის მეამბოხე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
