ფილიპინები ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინური გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს
ფილიპინების სანაპირო დაცვის განცხადებით, სამი გემი, რომელთა შორის იყო სამთავრობო ხომალდიც, მანილას მიერ კონტროლირებად კუნძულთან ახლოს იყო გაჩერებული ადგილობრივი მეთევზეების დაცვის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, როდესაც მას ჩინური გემი მიუახლოვდა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო მათი განდევნა. შემდეგ კი კონკრეტულად სამთავრობო გემზე მიიტანა იერიში.
„სულ რაღაც სამი წუთის შემდეგ... იგივე (ჩინური) გემი განზრახ დაეჯახა ფილიპინების ხომალდის უკანა ნაწილს“, რამაც „მცირე სტრუქტურული დაზიანება გამოიწვია, მაგრამ ეკიპაჟის დაზიანებები არ მიუღია“, - ნათქვამია ფილიპინების სანაპირო დაცვის განცხადებაში.
თავის მხრივ ჩინეთი მომხდარში ფილიპინებს ადანაშაულებს და ამტკიებს, რომ ჩინეთის სანაპირო დაცვამ "კანონიერად" აამუშავა უსაფრთხოების ზომები ფილიპინური გემების წინააღდმეგ და გააძევა ისინი. ჩინეთის სანაპირო დაცვის განცხადების მიხედვით, ფილიპინების ორი სამთავრობო გემი „არალეგალურად შევიდა“ წყლებში ნებართვის გარეშე და „სახიფათოდ მიუახლოვდა“ სანაპირო დაცვის გემს, რამაც შეჯახება გამოიწვია.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხომალდებთან დაკავშირებული კონფლიქტები მზარდია - ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის თითქმის მთელ ტერიტორიას ითხოვს, რაც წლიურად გემებით ვაჭრობის 3 ტრილიონ დოლარზე (2.58 ტრილიონი ევრო) მეტი ღირებულების საკვანძო გზაა.
2016 წელს ჰააგაში მუდმივმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიების უმეტესობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, განსაკუთრებით მის რესურსებზე, საერთაშორისო სამართალში არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს ფილიპინების ისტორიული გამარჯვება იყო, თუმცა საკითხი თითქმის ათი წლის შემდეგაც აქტუალური რჩება და ჩინეთი აგრძელებს მანილასა და სხვა საზღვაო მეტოქეებზე ზეწოლის გაზრდას, რათა ისინი დაემორჩილონ პეკინის პოზიციას.
2025 წლის აგვისტოში, ორი ჩინური გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთმანეთს შეეჯახა მას შემდეგ, რაც ისინი აედევნნენ ფილიპინების სანაპირო დაცვის გემს, რომელიც თან ახლდა მიმდებარე წყლებში მცურავ ფილიპინელი მეთევზეების ნავებს.
ამ კონფროტაციამდე ერთი კვირით ადრე ჩინეთმა სკარბოროს წყალმარჩხის ბუნებრივ ეროვნულ ნაკრძალად გარდაქმნასთან დაკავშირებით გეგმა დაამტკიცა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 12 სექტემბერს ჩინეთის გეგმას “გამანადგურებელი” უწოდა და განაცხადა, რომ შტატები უარყოფს ჩინეთის მცდელობას რეგიონში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს მოუწოდებს, იხელმძღვანელოს 2016 წელს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.