ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

79 წლის ასაკში გარდაიცვალა დაიან კიტონი - "ოსკარის" მფლობელი მსახიობი, როლებით ფილმებში "ენი ჰოლი" და "ნათლია"

0

79 წლის ასაკში კალიფორნიაში გარდაიცვალა ამერიკელი ვეტერანი მსახიობი, დაიან კიტონი.

ეს ცნობა გაავრცელა ჟურნალმა People. კიტონის სიკვდილის გარემოებების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მსახიობის თაყვანისმცემლებს გარდაცვლილის ოჯახი მათი პირადი სივრცის პატივისცემას სთხოვს.

იუწყებიან, რომ მსახიობი გარკვეული ხანი საჯაროდ არ ჩნდებოდა - თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაიან კიტონს დიდი წარმატება მოუტანა მისთვის ემბლემატურმა, "ოსკარით" დაჯილდოებულმა როლმა 1977 წლის ფილმში "ენი ჰოლი". რეჟისორმა, სცენარისტმა, მთავარი როლის შემსრულებელმა და კიტონის ყოფილმა სასიყვარულო პარტნიორმა, ვუდი ალენმა ეს ფილმი დიდწილად კიტონის რეალურ ცხოვრებაზე დააფუძნა. "ენი ჰოლის" შემდეგ კიტონმა არაერთ მნიშვნელოვან ფილმში ითამაშა, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

პირველი მნიშვნელოვანი როლი დაიან კიტონმა შეასრულა ფრენსის ფორდ კოპოლას "ნათლიაში" - კიტონი ამ ფილმის ორ ნაწილში ასრულებს ალ პაჩინოს მიერ განსახიერებული მაიკლ კორლეონეს ცოლის როლს. კიტონს "ოსკარის" ნომინაციები მოუტანა როლებმა ფილმებში "წითლები" (1981), "მარვინის ოთახი" (1996) და "სიყვარული წესებით და მათ გარეშე" (2003).

"ზოგიერთი მსახიობი ემოციებს თამაშობს. დაიან კიტონი მათში ცხოვრობდა" - წერს ამერიკის კინოაკადემია ინსტაგრამზე კიტონის სიკვდილთან დაკავშირებით და დასძენს:

"დაიან კიტონი განასხეულებდა ადამიანად ყოფნის წინააღმდეგობრიობებს: სასაცილო და მსხვრევადი, გონიერი და ტკივილიანი, ყოველთვის მფეთქავად გულწრფელი. ათწლეულების განმავლობაში, ის ყველა კადრს ავსებდა სითბოთი, გონით, და ჯადოსნობით. [კიტონი იყო] საუკეთესო მსახიობი ქალის "ოსკარის" მფლობელი და ამ პრემიაზე ოთხჯერ წარდგენილი. მისმა ყოფნამ თაობებზე იქონია გავლენა ამბების თხრობაში. მისი სული მარადიულად იცოცხლებს ეკრანზე და ყველა იმ ადამიანის გულებში, რომლებმაც მასში საკუთარი თავი დაინახეს".

კულტურის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ კიტონის უნიკალურ იმიჯს - მის თვითირონიას, კომედიის ნიჭს და ჩაცმის გამორჩეულ სტილს, ის, როგორც წესი, ჩნდებოდა ქუდით, ყელიანი სვიტერით ან კაცის ჰალსტუხით.

2017 წელს დაიან კიტონს ამერიკის კინოინსტიტუტმა მიანიჭა ჯილდო სამსახიობო მიღწევებისთვის ცხოვრების განმავლობაში.