ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გრენლანდიის გადამწყვეტი არჩევნები. ბრიუსელმა გადადო მოგზაურობის ახალი სისტემის შემოღება 

0

1. გრენლანდიელების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და ეკონომიკური რეალობაგრენლანდიის პარლამენტის - 31 წევრისგან შემდგარი „ინაცისარტუტის“ არჩევნები არასოდეს იქცევდა ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას. დედამიწის ყველაზე დიდი კუნძული, რომელზეც 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად ხვდებოდა ახალ ამბებში 2025 წლის იანვრამდე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიმართ ინტერესი გამოთქვა მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი წიაღისეულის გამო. ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობა „აბსოლუტურად აუცილებელია“ „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მთელს მსოფლიოში“.

ამ ნათქვამს ევროპაში შოკი მოჰყვა. გრენლანდია დანიის ტერიტორიაა, დანია კი ნატოს წევრია. ნატოს ტერიტორიაა კუნძულიც, რომელიც ოფიციალურად, კონსტიტუციის თანახმად, დანიის ავტონომიური ტერიტორიაა. კუნძულის უდიდესი ნაწილი ყინულითაა დაფარული. გრენლანდიელები ყინულისგან თავისუფალ არეალებში სახლობენ, უპირატესად კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. მოსახლეობა აქ გრენლანდიურად ლაპარაკობს, თუმცა მისი დიდი ნაწილი ორენოვანია, დანიური არაა ოფიციალური ენა, მაგრამ ურთიერთობის ყველა სფეროში მტკიცედ ფეხმოკიდებული საშუალებაა.

მკვლევრები თვლიან, რომ აქ X საუკუნეში მოვიდნენ პირველი ვიკინგები, ისინი, ვინც ასევე დასახლდა ისლანდიაში. ინუიტები კი დაახლოებით XIII საუკუნეში დასახლდნენ გრენლანდიაში.

კუნძულზე ადრეც მოეწყო რეფერენდუმები, რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო 1979 წლის კენჭისყრა. მაშინ დანიამ გრენლანდიას თვითმმართველობის უფლება გადასცა.

11 მარტის არჩევნები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ ტრამპის განცხადებების მერე დანიშნა, ერთობ მნიშვნელოვანია, უნდა გაირკვეს არაერთი საშინაო საკითხი, მაგრამ მთავარი თემა აშკარაა: დავრჩეთ დანიელებად თუ გავხდეთ ამერიკელები, თუ კვლავ ვესწრაფოთ დამოუკიდებლობას?

ისტორიულად ასე იყო, როცა აშშ გამოთქვამდა ინტერესს გრენლანდიის შესყიდვისა და მისი კონტროლისთვის, გრენლანდია უარით უპასუხებდა ხოლმე. ასეა ახლაც, პარლამენტის ხუთი პარტიიდან არცერთი არ ემხრობა ამერიკის შემადგენლობაში შესვლას. დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად ეგედემაც ცხადად თქვა, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, არ იყიდება და მხოლოდ გრენლანდიელებს შეუძლიათ მისი მომავლის საკითხის გადაწყვეტა.

აქვე უნდა ითქვას ერთი საინტერესო კანონის შესახებ, რომელიც პარლამენტმა ახლახან მიიღო: გრენლანდიაში აკრძალულია საარჩევნო კამპანიის დროს ანონიმური, ასევე უცხოეთიდან შემოწირულება.

მაგრამ რა მოხდება, თუ წამოაყენებენ წინადადებას, რომელზეც უარის თქმა გაჭირდება?

აშშ-ის მიერ ადრე, XIX საუკუნეში, გამოთქმული ინტერესების საფუძველი ისიც იყო, რომ კუნძული ამერიკის კონტინენტთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროპასთან.

გრენლანდიის უსაფრთხოება კი გარანტირებულია კუნძულზე აშშ-ის ავიაბაზის მიერ. ხოლო არქტიკა მსხვილი სახელმწიფოებისთვის აკრძალული ზონა არ არის.

ჩინეთიცა და რუსეთიც აქტიურად მუშაობენ არქტიკაში არა მხოლოდ მომგებიანი წიაღისეულის გამო, არამედ იმიტომაც, რომ დათბობის შედეგად ყინული დნება და რეგიონის გავლით სარფიანი სავაჭრო გზები იხსნება.

კუნძული ამერიკული თუ არ გახდება ახლო მომავალში, აშშ-ს მომავალში მაინც შეეძლება თავისუფალი ვაჭრობისა ან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება ადგილობრივ მთავრობასთან.

მაგრამ გრენლანდიელები შეიძლება გაჯიუტდნენ, კონსერვატიული პოზიცია დაიკავონ. სადაც სხვები მომგებიან შესაძლებლობებს ხედავენ, იქ ისინი ხედავენ სამშობლოს, რომელსაც დაცვა სჭირდება. გრენლანდიაში ამჟამად მხოლოდ ორი მოქმედი მაღაროა და ბოლო არჩევნებზე, 2021 წელს, მოსახლეობამ გადაწყვიტა, შეზღუდოს ნავთობისა და გაზის ძიება, ხოლო ურანის მოპოვება აიკრძალა.

ხუთიდან სამ პარტიას სურს დანიისგან დამოუკიდებლობა. მათ რიცხვშია პრემიერის, ეგედეს პარტია, რომელმაც ოთხი წლის წინ ყველაზე მეტი ამომრჩეველი მიიმხრო და ეს ალბათ ახლაც ასე იქნება.

პარტია „წინსვლა“, კოალიციაში მმართველი პარტიის სოციალ-დემოკრატიული პარტნიორი, ამავე პოზიციაზეა. ლიბერალური პარტია „დემოკრატები“ დანიასთან კავშირს ამჯობინებს და ბოლო გამოკითხვებით მასაც კარგი შედეგები აქვს. მას შეუძლია გაართულოს კოალიციის შექმნა და არჩევა მიმართულებისა, თუ საით წავა გრენლანდია.

მართალია, ბევრი გრენლანდიელი დამოუკიდებლობის მომხრეა, მათ ამავე დროს, კეთილდღეობის შენარჩუნება სურთ. ამ მხრივ კი კუნძული დანიაზეა დამოკიდებული.

1814 წლიდან დანიის სამეფო გვირგვინის ერთგული გრენლანდიის ექსპორტი დანიაში მიდის, ხოლო იმპორტის 60 პროცენტი დანიიდანაა.

მოსახლეობის ნახევარი დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში, რომელსაც კოპენჰაგენი გრანტებით აფინანსებს.

ხოლო კუნძულის გარშემო უსაფრთხოების ასამაღლებლად დანიის მთავრობამ ორი მილიარდი ევრო გამოყო არქტიკის თავდაცვის გასაძლიერებლად. გრენლანდიაში მოქმედებს კომისია, რომელიც მუშაობს იმაზე, თუ როგორი იქნება დანიისგან გამოყოფა, რასაც სამი ნაბიჯი დასჭირდება.

პირველი ისაა, რომ საჭიროა კოპენჰაგენთან შეთანხმება იმაზე, თუ როგორი იქნება ეს გამოყოფა. მეორე ნაბიჯი უნდა იყოს გრენლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება. და მესამე: ეს განზრახვა დანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს სურთ, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს შემდგომი ოთხწლიანი მანდატის პერიოდში, მაგრამ ტერიტორიის გარშემო შექმნილი განუსაზღვრელი ვითარების გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს 2025 წელს მოხდება.

11 მარტის არჩევნების საბოლოო შედეგები 12 მარტს გახდება ცნობილი.

2. ევროკავშირი აჭიანურებს საზღვრების გადაკვეთის ახალ სისტემასევროკავშირში საზღვრის გადაკვეთის სისტემა (EES), რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკურად ბეჭდის დასმის გაუქმებას იმ ქვეყნების პასპორტებში, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, გასული წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს დახვეწილ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემის მუშაობას ევროკავშირის ყველა ნავსადგურში, საერთაშორისო აეროპორტში და სახმელეთო-სასაზღვრო პუნქტებში, რომელიც აღნუსხავს არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლას და გასვლას, არამედ ყველა შესაბამის საპასპორტო მონაცემს, თითის ანაბეჭდებს და სახის გამოსახულებას ნებისმიერი პირისა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.

ევროკავშირის 24 ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს (კვიპროსის და ირლანდიის გარდა ყველა წევრი-სახელმწიფო, დანიამ შესაძლოა მოგვიანებით ისურვოს ამ სისტემასთან მიერთება) და ოთხი ქვეყანა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი) უბრალოდ ტექნიკურად არ იყო მზად ამ ახალი სისტემის ერთბაშად დანერგვისთვის.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდმა - ბლოკის სამმა ქვეყანამ ყველაზე დატვირთული აეროპორტებითა და ნავსადგურებით - ატეხეს განგაში, რომ სისტემა უბრალოდ არ იყო მზად და გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ქაოსი იყო მოსალოდნელი უმნიშვნელოვანეს ცენტრებში, თუ ის თავიდანვე უზადოდ არ იმუშავებდა.

ეს სხვა ქვეყნებისთვისაც შვება იყო, რადგან ისინი ჩამორჩნენ ყველაფრის მომზადების საქმეს: მაგალითად, მეტი ავტომატური ბარიერების, თვითმომსახურების ჯიხურების დაყენება და წინასწარი რეგისტრაციის აპლიკაციის სრულად ფუნქციონირება. ეს იყო საკმაოდ მძიმე განაჩენი, რადგან EES არსებითად დამუშავების პროცესში იყო მას შემდეგ, რაც იგი ბლოკის წევრებმა პირველად ჯერ კიდევ 2017 წელს შეათანხმეს.

როდესაც ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ ბრიუსელში 5 მარტს, ისინი შეთანხმდნენ, როგორ ემოქმედათ შემდგომში.

ახლა მოხდება ეტაპობრივი დანერგვა, რომელიც ოქტომბერში დაიწყება. წევრ ქვეყნებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ სისტემა იმ დროისთვის ქმედითუნარიანი იქნება, შეუძლიათ სრულად აამოქმედონ ის პირველივე დღიდან. მაგრამ სხვებისთვის განხორციელება დაიწყება ეტაპობრივად და ერთ თვეში თითოეულ წევრ ქვეყანას მოეთხოვება EES-ის ამოქმედება საზღვრის გადაკვეთის პუნქტების 10 პროცენტში.

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გაჩნდება ასევე EES-ის გამოყოფილი ბილიკები.

სამი თვის შემდეგ, იმედია, რომ EES შემოღებულ იქნება სასაზღვრო პუნქტების 50 პროცენტზე. 180 დღის შემდეგ კი იგეგმება სისტემის სრულად დანერგვა. ეს მოხდება 2026 წლის პირველ კვარტალში.

თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ, ძველებურად ხელით დაარტყან ბეჭედი პასპორტებში იმ შემთხვევაში, თუ იქნება სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, მონაწილე სახელმწიფოებს კვლავ ექნებათ უფლება, ნაწილობრივ ან სრულად შეაჩერონ სისტემა, თუ ისინი თავიანთი მიზეზების შესახებ შეატყობინებენ ევროკომისიას.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დიპლომატები, რომელთაც ვესაუბრეთ, ცოტა ნერვიულობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, ისინი იმედოვნებენ, რომ EES ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას და გააადვილებს ვადაგასული ვიზებისა და პირადობის მოწმობების გაყალბების გაკონტროლებას.

გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სხვა ზომებზე, მათი გატარების ვადაზე, რომლებიც გავლენას მოახდენს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში და რომლებსაც სურთ, მომავალში ესტუმრონ ევროკავშირის ქვეყნებს. რადიო თავისუფლებას ამ დოკუმენტის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მასში არის ის, რომ ETIAS (მოგზაურობისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა) „ამოქმედდება 2026 წლის ბოლო კვარტალში“. ETIAS არის ევროკავშირის პასუხი მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაზე (ESTA), რომელიც უკვე გამოიყენება აშშ-ში.

ETIAS საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ევროკავშირში უვიზოდ ჩავიდნენ. ის პოტენციურად შეიძლება გამოიყენოს დაახლოებით 1,4 მილიარდმა ადამიანმა, მათ შორის მოქალაქეებმა ბრიტანეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, აშშ-იდან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. რეგისტრაცია, რომელიც მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, ეღირება 7 ევრო (7,60 დოლარი) და უნდა გაიაროს 18-დან 70 წლამდე ასაკის ყველა ადამიანმა.

ისევე, როგორც EES-ის შემთხვევაში, ETIAS არაერთხელ გადაიდო. პირველად მისი შემოთავაზება მოხდა 2018 წელს და მისი განხორციელება იგეგმებოდა ყოველწლიურად, 2021 წლიდან. მისი განხორციელება ყოველთვის იგვიანებდა ტექნიკური პრობლემების გამო.

თუ EES სრულად განხორციელდება 2026 წლის პირველ კვარტალში, როგორც ამჟამად არის დაგეგმილი, ეს გაზრდის შანსებს, რომ ETIAS განხორციელდეს იმავე წლის ბოლოს, როცა ამ ორი სისტემის დაკავშირება მოხდება.