ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი: აშშ და რუსეთი "დღეს ან ხვალ" გამართავენ მოლაპარაკებას უკრაინის თაობაზე

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის დელეგაცია უკრაინის საკითხზე რუსეთის წარმომადგენლებს „დღეს ან ხვალ“ შეხვდება. მან ასევე დაუშვა, რომ ზელენსკის კვლავ მიიწვევს თეთრ სახლში, წერს Reuters-ი.

„იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ რუსეთს დღეს ან ხვალ შევხვდებით“, - განაცხადა მან.

Bloomberg-ი, CBS, Fox News-ი და Axios-ი, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, ამ კვირაში რუსეთში ჩასვლას გეგმავს.

მანამდე საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგად კიევმა მიიღო ვაშინგტონის წინადადება 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთი ასევე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. 30-დღიანი ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს.

საპასუხოდ ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო მონაცემების აკრძალვას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მხოლოდ ჰაერში და ზღვაში, მაგრამ აშშ-ის დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

საუდის არაბეთში ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებების შემდეგ „ბურთი რუსეთის მოედანზეა“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე.