ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ვის შემოაქვს ძვირად ღირებული და სანქცირებული მანქანები რუსეთში და ვინ იცავს მათ

0
რუსეთში ექსპორტზე დასავლეთის აკრძალვის მიუხედავად, ასობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანები კვლავ ხელმისაწვდომია ძალიან მდიდრები ადამიანებისთვის. არის თუ არა უმაღლესი დონის თანამდებობის პირების დაცვის სააგენტო ამ ვაჭრობაში ჩართული?


იანვარში, რუსეთის მსხვილმა ბუკმეკერულმა კომპანიამ თავისი კლიენტებისთვის ლატარიაში გაათამაშა სპეციალური პრიზი - ავტომობილი Rolls Royce Cullinan-ი.


2022 წელს მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა აკრძალეს 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანების ექსპორტი რუსეთში - ეს თანხა შეადგენს დაახლოებით მეათედს ხსენებული Cullinan-ის საწყისი ფასისა, რომელიც რუსეთში 1 მილიონ დოლარს აღწევს.


ამასთან, უცხოურმა მსხვილმა ავტოკომპანიებმა, მათ შორის ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებლებმა, დახურეს თავიანთი ქარხნები და ოფისები რუსეთში.


50 000 დოლარზე უფრო ძვირი მანქანების შეტანის აკრძალვა საგანგებოდ მიმართული იყო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ კავშირები რუსეთის სახელმწიფოსთან.


ამასობაში, რუსეთის საავტომობილო ბაზრიდან ავტომწარმოებლების გასვლამ მთლიანად შეცვალა მისი სტრუქტურა.


ახლა ჩინური მარკები, რომლებიც ადრე მეორეხარისხოვანი მოთამაშეები იყვნენ ბაზარზე, რუსეთის გზებზე მოძრავი ყველა ახალი ავტომობილის 70 პროცენტს შეადგენენ.


მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, დასავლური წარმოების ძვირად ღირებული ავტომანქანები კვლავ ადვილად ხელმისაწვდომია რუსეთის უმდიდრესი ადამიანებისთვის.


რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან - როცა რუსეთში დასავლეთის აკრძალვები ამოქმედდა - დღემდე, რუსეთში შემოიტანეს 1300-მდე ავტომანქანა, რომელთა ღირებულება 100 000 დოლარი ან მეტია.


ვინ აწარმოებს ამ იმპორტს და როგორ?

Systema, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი საგამოძიებო პროექტი, გაჰყვა მომარაგების ჯაჭვების კვალს და აღმოაჩინა რამდენიმე კომპანია, რომლებიც აწარმოებენ ავტომობილების იმპორტს სამხრეთ კორეის, სადაც მოქმედებს საკუთარი აკრძალვა ძვირად ღირებული მანქანების ექსპორტზე რუსეთში, ჰონგ-კონგისა და ყირგიზეთის გზით. ამ უკანასკნელიდან ევროპიდან მანქანების იმპორტი არნახულად გაიზარდა უკრაინაში ომის წლებში.


Systema-ს გამოძიების შედეგები აჩვენებს, რომ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პერიოდის რუსეთის ეკონომიკის სხვა სფეროების მსგავსად, სანქცირებული ძვირად ღირებული მანქანების ბიზნესში შესვლასაც, სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირების ქონა სჭირდება.


სანქციებისთვის გვერდის ავლა

რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებული სანქციების საპასუხოდ, პუტინმა ივნისში ხელი მოაწერა ნორმას, რომელიც აკანონებს პარალელურ იმპორტს - საქონლის იმპორტს უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე.


ამგვარად, კანონმა გზა გაუხსნა სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტს, მათ შორის, მაღალი კლასის ავტომანქანებისა, როგორიცაა Bentley და Maserati.




მაგრამ ამით კანონიერი არ გამხდარა სანქცირებული საქონლით ვაჭრობა რუსეთის ფარგლებს გარეთ.


მხოლოდ 2024 წელს, გერმანიაში სამ პირს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს ასობით ძვირად ღირებული ავტომანქანის რუსეთში ექსპორტის გამო.


გასულ თვეში ლიეტუვაში, ორი ბელარუსი და ორი ლიეტუველი დააკავეს, რომლებიც მსგავს ქმედებებში იყვნენ ეჭვმიტანილი.


მთლიანობაში, Systema-მ გამოავლინა 179 რუსი იმპორტიორი და 220 ექსპორტიორი 26 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ აკრძალული მანქანების იმპორტის სქემებში 2022 წლის მარტიდან 2024 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.


Systema-მ გამოავლინა, რომ რუსული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტს აწარმოებდნენ დიდი რაოდენობით, უკვე ჩართული იყვნენ საავტომობილო ბიზნესში და ყიდდნენ სანქცირებულ ავტომანქანებს ახალ, ჩინურ მარკებთან ერთად, რომლებმაც დაიპყრეს ბაზარი.


ერთი კომპანია - სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული ნაკლებად ცნობილი ფირმა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვან კომპონენტებზეა სპეციალიზებული და რომელიც აწარმოებდა ყველაზე უფრო ძვირად ღირებული ავტომანქანების იმპორტს, ასე არ მოქმედებდა.


ერთ-ერთ შეუმჩნეველ ბიზნესცენტრში რეგისტრირებული შპს Garant-ის შემოსავალი 2022 წლამდე მოკრძალებული იყო: ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ომამდე, იყო 250 მილიონი რუბლი 2020 წელს (იმდროინდელი კურსით, დაახლოებით 3,3 მილიონი დოლარი). კომპანიის ვებსაიტი დღემდე აგრძელებს თავის, როგორც „ელექტრონული აღჭურვილობისა და კომპონენტების“ მომწოდებლის, რეკლამირებას.


სანამ პარალელური იმპორტის კანონი ამოქმედდა, Garant-ი, ყოველწლიურად, მხოლოდ 880 000 დოლარს ხარჯავდა იმპორტზე.


Garant-ის ერთადერთი მიმწოდებელია Jiating Product Factory Limited ჰონგ-კონგში, რომელსაც მართავს ჩინეთის მოქალაქე - შანხაიში მცხოვრები მიაო დონგი.




Jiating-ი რეგისტრაციაშია 2013 წლიდან, თუმცა მისი ვებსაიტი იკვეხნის, რომ კომპანია ბოლო 15 წლის განმავლობაში „ძნელად ხელმისაწვდომი საქონლის წამყვანი დისტრიბუტორია“.


მაგრამ 2018-დან 2021 წლამდე, Jiating-ის ექსპორტი რუსეთში შეადგენდა სულ 1 მილიონ დოლარზე ნაკლები ღირებულების საქონელს წელიწადში და ეს იყო უმეტესად კომპონენტები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებისთვის, რომელთა დაახლოებით ნახევარი მიდიოდა Garant-ზე.


2022 წლის დასაწყისში, Jiating-ი შეუფერხებლად გადავიდა ძვირად ღირებული მანქანების ექსპორტზე. მან თავისი უმსხვილესი კლიენტისთვის 305 ავტომობილი გაგზავნა. საერთო ღირებულება 31.2 მილიონ დოლარს შეადგენდა და მათ შორის იყო 100 000 დოლარზე მეტის ღირებულების 139 მანქანა.


უსაფრთხოების სახეობები და საავტომობილო ბიზნესი

Garant-ში ოფიციალურად მხოლოდ ცხრა ადამიანია დასაქმებული. მისი დამფუძნებელი და დირექტორია მარია კალენოვა. ამასთან, რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების წამყვანი იმპორტიორი, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე, კალენოვა არის ასევე ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ცოლი.


მისი ყოფილი ქმარი, ალექსანდრ სტებაკოვი, იყო ფიზიკური კულტურის სამხედრო ინსტიტუტის (VIFK) სამ ყოფილ კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთი, რომლებმაც სცემეს 17 წლის მოზარდს სანქტ-პეტერბურგში, ქუჩაში, 2003 წელს, პოლიციის გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, რომელთაც გაეცნო Systema.


ამ ინციდენტის გამო სამივე დააკავეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მათი კარიერული მომავალი არ დაუზარალებია.


ამ სამიდან ერთ-ერთი, ვლადიმირ ნიაზოვი, ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების ფიზიკური მომზადებისა და სპორტის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია.


მეორე, სერგეი ლუშნიკოვი, შეუერთდა დაცვის ფედერალურ უწყებას (FSO) - ფედერალურ გვარდიულ სამსახურს, ორგანოს, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო სამხედრო და უსაფრთხოების უწყებების უფლებამოსილება, რომლებიც საბჭოთა მაღალი თანამდებობის პირებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებს იცავდნენ.


2017 წელს, სანქტ-პეტერბურგის კულტურის საერთაშორისო ფორუმზე, ლუშნიკოვი უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაცვა ევალებოდა.




ლუშნიკოვის მუშაობა ფედერალური დაცვის სამსახურში (FSO) შესაძლოა კავშირში იყოს კალენოვას სამეწარმეო საქმიანობასთან, რადგან ითვლება, რომ სამსახური არაოფიციალურად „იცავს“ სხვა ტიპის მომგებიან ბიზნესებს, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც იმპორტ-ექსპორტით არიან დაკავებული.


მიუხედავად იმისა, რომ კალენოვა და სტებაკოვი 2010 წელს განქორწინდნენ, ლუშნიკოვი კალენოვას მეგობრების წრეში დარჩა მას შემდეგაც, რაც ქალმა ხელახლა იქორწინა.


VKontakte-ზე განთავსებულ ფოტოზე ლუშნიკოვი კალენოვასთან ერთად არის გადაღებული 2018 წლის დეკემბერში, მის დაბადების დღეზე, როცა 35 წელი შეუსრულდა.




ფინანსური მონაცემების თანახმად, რომლებიც Systema-მ შეისწავლა, Garant-ი რეალურად მხოლოდ შუამავალია რუსეთში ავტომობილებით მოვაჭრე უდიდეს ჯგუფებს - Rolf-სა და Major-Auto-ს შორის, რომლებიც კომპანიის მიერ ჰონგ-კონგიდან იმპორტირებული ავტომობილების საბოლოო მყიდველები არიან.


Rolf-მა, რომელიც რუსმა ბიზნესმენმა სერგეი პეტროვმა 1991 წელს დააარსა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოსტკომუნისტური რუსეთის ავტობაზრის ჩამოყალიბებაში.


თუმცა, 2023 წელს პეტროვის ბიზნესი რუსეთის სახელმწიფომ დაისაკუთრა, ხოლო Rolf-ის ახალი მფლობელი მოგვიანებით გახდა უმარ კრემლიოვი - ბიზნესმენი, რომელიც 2020 წლიდან კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელია.


რუსული დამოუკიდებელი მედია კრემლიოვს ხშირად მოიხსენიებს როგორც ბიზნესმენს, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის უშიშროების სამსახურებთან, ასევე სპორტულ სამყაროსთან.




გასულ წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რუსული გამოცემა Proekt-ის ჟურნალისტებმა Getcontact-ის - მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც მომხმარებლების სატელეფონო მონაცემებს იყენებს - გაარკვიეს, თუ როგორ იყო კრემლიოვის ტელეფონის ნომერი შენახული სხვა მომხმარებლების მიერ.


მათ მიაგნეს ჩანაწერებს, როგორებიცაა „უმარ FSO“, „FSO უმარ“ და სხვა მსგავს ვერსიებს, რომლებიც კრემლიოვსა და ფედერალურ დაცვის სამსახურს შორის პირდაპირ კავშირზე მიუთითებს.


ჩვენ იქ არ ვყოფილვართ, არაფერი ვიცით!

დასავლეთის წამყვანი ავტოკომპანიებისთვის რუსეთის ბაზრის დაკარგვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, მტკივნეული გამოდგა.


ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი კლასის ავტომობილების მწარმოებლებს, რადგან მოსკოველი და სანქტ-პეტერბურგელი ოლიგარქები წლების განმავლობაში იყვნენ მათი კლიენტები.


ახლა ბევრი წამყვანი საავტომობილო კომპანია ამტკიცებს, რომ რუსეთი მათთვის თითქოს აღარც კი არსებობს.




მაგრამ, რუსეთის საბაჟო მონაცემების თანახმად, რომლებიც Systema-მ შეისწავლა, Mercedes-Benz-ის ავტომობილები პირველ ადგილზე იყვნენ უმაღლესი კლასის ავტომობილების იმპორტში რუსეთისთვის სანქციების ამოქმედების შემდგომი 2-ნახევარი წლის განმავლობაში.


Systema-ს კითხვაზე პასუხად, Mercedes-Benz-მა განაცხადა, რომ კომპანია იკვლევს გამოძიების შედეგებს და „შესაბამის ორგანოებს“ დაუკავშირდება, თუ რაიმე საეჭვო საქმიანობას მიაგნებს.


„როგორც წესი, ვკრძალავთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვას არაავტორიზებული შუამავლების გზით, მათ შორის კონტრაქტის ტერიტორიების გარეთაც“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. „შემდგომ გადაყიდვებზე… ჩვენ მიერ ავტორიზებულ დილერთა ქსელის მიღმა, განსაკუთრებით ნახმარი ავტომობილების შემთხვევაში, გავლენა არ გვაქვს“.


Jaguar Land Rover-მა (JLR), Porsche-მ, Audi-მ და BMW-მ მსგავსი პასუხები გამოაგზავნეს.


Garant-ისთვის სანქცირებული ავტომობილების სატრანზიტო ცენტრი ჰონგ-კონგი იყო. რუსეთის შეჭრის შემდეგ რამდენიმე ახალი ჰაბი გაჩნდა.


2024 წლის ოქტომბრისთვის სიის სათავეში მოექცა სამხრეთი კორეა, რომელსაც თვითონაც მსხვილი საავტომობილო მრეწველობა აქვს და დააწესა საკუთარი სანქციები, რომლებიც რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების ექსპორტს კრძალავს.




Systema-ს გამოთვლით, რომელიც მან Datawrappe-ის დახმარებით ჩაატარა, პირველ ადგილზე იმ ათ ქვეყანას შორის, საიდანაც რუსეთში ძვირად ღირებული სანქცირებული ავტომანქანები შეაქვთ, სამხრეთი კორეაა. ამ სიაშია ასევე ბელარუსი, ჰონგ-კონგი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ასევე თურქეთი. მეათე ადგილზე სიაში სომხეთია, რომელსაც თითქმის 4 მილიონი დოლარის ოდენობის 24 მანქანა აქვს შეტანილი რუსეთში 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ოქტომბრამდე. სამხრეთ კორეიდან იმავე პერიოდში შეტანილია სულ 37 792 000 დოლარის საფასურის 253 მანქანა.


ამ დროს ყირგიზეთში ევროპიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტი ათჯერ გაიზარდა ომამდელ პერიოდთან შედარებით, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო.


ქვეყნის პრორუსული მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა შეჩერდეს სანქცირებული საქონლის ნაკადი რუსეთში, რომელთანაც ის გაერთიანებულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.


თუმცა, ამ თვეში Novaya Gazeta Europe-ის გამოძიებით გაირკვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვის გარემოცვის წევრები შეიძლება ჩართული იყვნენ ძვირად ღირებული მანქანების რუსეთში რეექსპორტში.


ბრიტანელმა იურისტმა ალექსანდრ პრეზანტიმ Systema-ს განუცხადა, რომ პუნქტი „რუსეთში არა“, რომელიც ავალებს იმპორტიორებს მესამე ქვეყნებში, არ მოხდეს საქონლის რეექსპორტი რუსეთში, მხოლოდ რეკომენდაციის სახით მოქმედებს, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ავტომობილებზე.


რუსეთის Transparency International-ის ყოფილი დირექტორი, ილია შუმანოვი, Systema-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბრიუსელის წესები ასეთ ვალდებულებებს უფრო მკაცრად აკონტროლებს და ისინი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით რეგულირდება.


თუმცა, ამ მომენტისთვის, რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების უწყვეტი ნაკადი აჩვენებს, რომ შეთავაზებისა და მოთხოვნის კანონი სიტუაციის მთავარ განმსაზღვრელად რჩება.


Garant LLC-მა, Rolf-მა, Major-Auto-მ, Jiating Product Factory Limited-მა, Bentley-მ და მარია კალენოვამ Systema-ს შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.