ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჯანო არჩაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

0
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ერთ-ერთი ბრალდებული, ჯანო არჩაია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.


ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა პროკურორ ვაჟა თოდუას სიტყვას, რომ დაკავებულები ვიდეომტკიცებულებებში აქციაზე ერთად ჩანან.


"სად ვჩანვარ, სად ვჩანვარ, სამი თვე მოგეცით და ვერაფერი მოიტანეთ, დამიმტკიცეთ, რომ ვჩანვარ, კი, იქ ვიყავი და ახლა რომ გამიშვათ, ახლაც იქ წავალ", - თქვა ჯანო არჩაიამ.


მასთან ერთად სხდომა დაატოვებინეს ერთ დამსწრე პირსაც.


სხდომაზე სხვა ბრალდებულებმა მოსამართლეს მიმართეს დააბრუნონ ჯანო არჩაია. ანალოგიური თხოვნა ჰქონდათ ადვოკატებსაც.


ჯანო არჩაიას გაძევების შემდეგ სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა მისი ცოლი. მოსამართლემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.






ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


11-ვე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა. საქმეების არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ.


მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი გახდა. დაკავებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა გამოძიების გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ასაბუთებს, რადგან ამ უწყებისთვის უკვე მიცემული ორი თვეც ეფექტიანად ვერ გამოიყენა.


საქართველოში 98-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.


მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.