ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მოსამართლე შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა

0
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროევროპულ აქციებზე "ჯგუფურ ძალადობაში" ბრალდებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ, თითქმის 10-საათიანი სხდომის შემდეგ გამოაცხადა.


მოსამართლის განმარტებით, გამოძიების დასრულებამ შეიძლება მტკიცებულებების განადგურების საფუძველი შეამცირა, მაგრამ, მისი აზრით, რჩება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფუძველი, რაც "აღკვეთილი იქნება პატიმრობით".


ამით წინასასამართლო სხდომა არ დასრულებულა. დღევანდელ პროცესზე მსჯელობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ეხებოდა. მომდევნო პროცესი ორშაბათს, 10 მარტს გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.


მანამდე, მან სასამართლოს სხდომა ნაწილობრივ დახურა, რასაც წინ უძღოდა მის მიერვე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯანო არჩაიას სხდომიდან გაძევება.




ამის შემდეგ ბრალდებულებმა სიტყვა მოითხოვეს, მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს გაძევებული ჯანო არჩაიას მიმართ, ასევე მოსამართლეს მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა იგი სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც უარი თქვეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს.




მათ ამ განცხადებას ტაშით შეხვდა დამსწრე აუდიტორია, საპასუხოდ კი მოსამართლე შვანგირაძემ თქვა, რომ იგი ნაწილობრივ ხურავს სხდომას - დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეეძლოთ.




სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მანდატურებმა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზი, არამედ შენობა. ისინი სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას.


შენობის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის კორდონი ჩადგა, დაკავებულთა მხარდამჭერებს კიბეზე დგომისა და შენობასთან მიახლოების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.




5 მარტის სხდომაზევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რევაზ (რეზო) კიკნაძემ განაცხადა, რომ მე-6 დღეა ციხეში შიმშილობს. კიკნაძის თქმითვე, შიმშილობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მას წინა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლება არ მისცეს.


"წინა სასამართლო სხდომაზე არ მომცეს საუბრის საშუალება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე-6 დღეა ვშიმშილობ, ეგეც არის, რაღაც აბსურდული ბრალდებით გამომკეტეს აქ და თავის დასაცავი სიტყვის უფლებაც არ მაქვს? მეორე - რის გამოც ვშიმშილობ, არის ის, რომ ჩემს ადვოკატს პოლიციელებს უგზავნიან და ანუ, გამოდის, ჩემს ადვოკატს ჩემი დაცვის უფლებას უზღუდავენ. კიდევ არის მრავალი მიზეზი, მაგრამ ახლა, ამ ორს დავასახელებ...", - თქვა რევაზ კიკნაძემ სხდომაზე.






ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.


მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


11-ვე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა.


საქართველოში 98-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.