ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

"მე კბილის, მეორე გოგონას კი ცხვირის მოტეხილობა აქვს" - Krab Coffee-ის დამფუძნებლებს თავს დაესხნენ

0
Krab Coffee-ის დამფუძნებლებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, სახლთან ახლოს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


"მეგობრებო დღეს "კრაბ კოფი" არ იქნება სამწუხაროდ, მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ", - დაწერა კაფეს ერთ-ერთმა მფლობელმა, ქრისტი პირველმა ფეისბუკზე.


რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქრისტი პირველი ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ მას კბილი აქვს მოტეხილი, Krab Coffee-ის მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას კი, ცხვირის მოტეხილობის გამო ოპერაცია სჭირდება.


როგორც ის ჰყვება, 5 მარტს, საღამოს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე წასვლამდე, დიღმის მასივში, სახლთან, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდნენ, რა დროსაც ერთმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.


ქრისტი პირველის თქმით, უცნობმა პირმა მას მუცელში ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც თავადაც სცემა იგი:


"მაღაზიაში ვიყავით. ვიღაც ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და მეორე მეპატრონეს. წავედი მისკენ, მეთქი, ვის აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას-თქო და მაგაზე, გამოქცეულზე წიხლი ჩამარტყა მუცელში. მე კბილის მოტეხილობა მაქვს, მეორე გოგონას აქვს ცხვირის მოტეხილობა. ოპერაცია სჭირდება, ახლა შედის".


როგორც ქრისტი პირველი ამბობს, პოლიციამ მათ სარჩელის უკან გატანა "ურჩია", რადგან კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს, საპასუხოდ, ისიც სცემს.


"მე ვცემე საკმაოდ კარგად. ვიდეოკადრები ნახეს. პოლიცია გვეუბნება, რომ შერეული ბრალეულობაა. გვეუბნებიან, რომ სარჩელი უნდა გამოვიტანო. ორივე მხრიდან იყო ძალადობაო, რადგან კადრებში ჩანს, სიტყვიერ შეურაცხყოფას რომ მაყენებს, მერე მე მივდივარ მისკენ და ის კი მირტყამს პირველს, მაგრამ შემდეგ მეც ვცემე... რადგან მე კარგად ვცემე და ალბათ არ დაველოდე, რომ მომკლავდა...", - ჰყვება ის.


მისივე თქმით, თავდამსხმელმა მათგან გაქცევა მოახერხა.


"ბარბის რომ ჩაარტყა ცხვირში და დავინახე, რომ სისხლი ჰქონდა, გავეკიდე. ხუთი ბიჭი დამეწია და გამაკავეს, რომ ის გამქცეოდა...


უნდა ვუჩივლოთ აუცილებლად, კადრებში სახეც ჩანს და, წესით, უნდა იპოვონ", - ამბობს ქრისტი პირველი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


ქრისტი პირველმა და ბარბარე როკიტამ პროევროპული აქციების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე კაფე გახსნეს. მალევე, მათი კაფე დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად იქცა. ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად, აქციების დაწყებამდე ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს.