ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მაკრონის და სტარმერის წინადადებაა უკრაინასა და რუსეთს შორის პირველ ეტაპზე ერთთვიანი ზავი

0
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის წინადადებაა, რომ პირველ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის ამოქმედდეს ერთთვიანი ზავი, რომელიც მოიცავს ჰაერიდან და ზღვიდან შეტევებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას.


2 მარტს, ლონდონში უკრაინასა და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა მაკრონმა გამოცემა Le Figaro-ს უთხრა, რომ მან და სტარმერმა ეს ინიციატივა სამიტის მონაწილეებს გააცნეს.


ემანუელ მაკრონის თანახმად, დროებითი ზავი უნდა იყოს პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც მოლაპარაკებები გაგრძელდება. რაც შეეხება ნაწილობრივ ზავს, რომელიც ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებებს არ ეხება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს იმით ახსნა, რომ ფრონტის ხაზი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას და ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა რთული იქნება.


მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.




უკრაინის შესახებ 2 მარტს, ლონდონში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმსჯელეს ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა. სამიტს ესწრებოდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებიც.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ სანამ ომი გრძელდება, უკრაინას ისევ გაუწევენ სამხედრო დახმარებას და გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. სამიტის მონაწილეთა პოზიციაა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს და ნებისმიერმა მყარმა მშვიდობამ უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ევროპის ლიდერების მიზანი იქნება მომავალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღკვეთა. უკრაინის დაცვისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნები კოალიციას შექმნიან.


სამიტის წინ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე, რომელსაც შემდეგ შეერთებულ შტატებთან ერთად განიხილავენ.


ლონდონის სამიტს წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების ჩაშლა.


28 თებერვალს, თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.




2 მარტს, ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გრძნობენ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას და ევროპაში ერთად მუშაობენ, რათა რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის ამერიკასთან თანამშრომლობის საიმედო საფუძველი შექმნან.


ზელენსკის თანახმად, პარტნიორებთან განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და სამართლიანი მშვიდობის პირობებს და უახლოესი პერიოდისთვის ამზადებენ მნიშვნელოვან შეხვედრებს და გადაწყვეტილებებს.