ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრაინა მზად არის შეთანხმების ხელმოსაწერად, აშშ-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მსჯელობა არ არის

0
უკრაინა ისევ მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფორმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შეთანხმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2 მარტს, გვიან ღამით, ლონდონიდან გამგზავრების წინ BBC-ს განუცხადა.


ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, უკრაინა კონსტრუქციულადაა განწყობილი და შეთანხმებას ხელი მოეწერება, როცა მხარეები ამისთვის მზად იქნებიან. უკრაინას და შეერთებულ შტატებს ეკონომიკური შეთანხმება 28 თებერვალს, ვაშინგტონში უნდა გაეფორმებინათ, თუმცა, ხელმოწერა ჩაიშალა.


თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.


აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 2 მარტს, ტელეკომპანია CBS News-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერის საკითხი არ განიხილება.


ბესენტის თქმით, ეკონომიკურ შეთანხმებას აზრი არ ექნება, თუ პრეზიდენტ ზელენსკის საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება სურს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, რაც უკრაინის პრეზიდენტს გასულ კვირაში უნდა გაეკეთებინა, შეთანხმების ხელმოწერა იყო, მაგრამ ყველაფრის განადგურება გადაწყვიტა.




2 მარტს, უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ, ლონდონში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმსჯელეს ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა. სამიტს ესწრებოდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებიც.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ სანამ ომი გრძელდება, უკრაინას ისევ გაუწევენ სამხედრო დახმარებას და გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. სამიტის მონაწილეთა პოზიციაა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს და ნებისმიერმა მყარმა მშვიდობამ უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.


სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ევროპის ლიდერების მიზანი იქნება მომავალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღკვეთა. უკრაინის დაცვისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნები კოალიციას შექმნიან.




ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გრძნობენ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას და ევროპაში ერთად მუშაობენ, რათა რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის ამერიკასთან თანამშრომლობის საიმედო საფუძველი შექმნან.


ზელენსკის თანახმად, პარტნიორებთან განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და სამართლიანი მშვიდობის პირობებს და უახლოესი პერიოდისთვის ამზადებენ მნიშვნელოვან შეხვედრებს და გადაწყვეტილებებს.