ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025

რუმინეთის პროკურატურამ 18 ადამიანი დააკავა პოლიტიკოს კალინ ჯორჯესკუს საქმესთან დაკავშირებით

0
რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ პრორუსი პოლიტიკოსისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს საქმეზე 18 ადამიანი დააკავა. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ მათ მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა 30 დღის ვადით, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის, იარაღის ფლობის წესების დარღვევისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

დაპატიმრების ორდერის მოთხოვნა ასევე დაუსწრებლად გაიცა ჯორჯესკუს თანამოაზრისა და მცველის, ჰორაციო პოტრას, მისი ვაჟისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის მიმართ. თავად პოტრა დუბაიში მანამდე გაიქცა, სანამ მის სახლში 26 თებერვალს ჩხრეკას ჩაატარებდნენ.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური 28 თებერვალს სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 26 თებერვალს ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილია არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი რაოდენობით ფული და ოქროს ზოდები.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა 26 თებერვლის დილით ჩატარდა 47 მისამართზე. თავად კალინ ჯორჯესკუ პროკურატურაში წაიყვანეს დაკითხვაზე. ის არ არის ეჭვმიტანილი კამპანიის უკანონო დაფინანსებისა და საარჩევნო კანონმდებლობის სხვა დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე, მას მოწმის სტატუსი აქვს.

ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში, კალინ ჯორჯესკუმ ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ "ცდილობს გამოგონილი მტკიცებულებებით გაამართლოს არჩევნების მოპარვა და გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დაუშვას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურის ხელახლა წამოყენება."

დეკემბერში რუმინეთმა მას შემდე გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მოსკოვი პოპულარიზაციაში ეხმარებოდა კალინ ჯორჯესკუს, რომელმაც მოულოდნელად გაიმარჯვა საარჩევნო რბოლაში. გენერალური პროკურატურა მისი საარჩევნო კამპანიის დროს შესაძლო მანიპულაციებსა და ფულის გათეთრებას იძიებს.



ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, პოლიტიკოსს, რომელიც პრორუსულად მიიჩნევა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარს უჭერდა TikTok-ის ათიათასობით ანგარიში. სოციალურმა ქსელმა აცნობა რუმინეთის ხელისუფლებას, რომ გამოავლინა იმ მომხმარებელთა პოტენციური ქსელი, რომლებიც მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კონტექსტში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისკენ მიმართულ ქმედებებში, ასევე - ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება Sputnik-თან.