ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025

რუსი ექსპერტები: საქართველოს „მეგობრულობის“ დონე გაიზარდა

0

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (НИИРК) წარმოადგინა „2024 წელში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის რეიტინგი“.

საქართველო, შარშანდლის მსგავსად, „შედარებით მეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდა. რუსეთისადმი საქართველოს „მეგობრულობის“ კოეფიციენტი წინა წლის 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა.

რუსი ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთისადმი ყველაზე მეგობრულია ე.წ. სამხრეთი ოსეთი, მას მოსდევს ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი. არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდნენ მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვლადისლავ გასუმანოვი აღნიშნავს, რომ „გაიზარდა რუსეთის მიმზიდველობა არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური პარტნიორისა, არამედ როგორც ლიდერისა ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.“

2024 წლის აპრილში რუსეთის ინსტიტუტმა თბილისში მოაწყო დისკუსია თემაზე „ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.

ქართული საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციის და მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსულ კურსს მისდევს. ამის დასტურად ისინი თვლიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.