"არ შემიძლია დავიჯერო, რომ ასეთი რამ ვთქვი", - განაცხადა ტრამპმა შეკითხვაზე, კვლავ თვლის თუ არა ზელენსკის "დიქტატორად"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ შეუძლია დაიჯეროს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.
27 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია "ბიბისის" ჟურნალისტი შეეკითხა დონალდ ტრამპს, კვლავინდებურად მიიჩნევს თუ არა ზელენსკის დიქტატორად.
"ასეთი რამ ვთქვი? არ შემიძლია დავიჯერო, რომ ასეთი რამ ვთქვი. შემდეგი შეკითხვა!" - განაცხადა დასმული შეკითხვის პასუხად დონალდ ტრამპმა.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კარგი დამოკიდებულება აქვს ზელენსკისთან, რაც "ცოტათი დაიძაბა" იმის გამო, რომ აშშ-ს სურს ექცეოდნენ ისე, როგორც კიევი ევროკავშირს ექცევა.
პარასკევს, 28 თებერვალს, თეთრ სახლში დაგეგმილია ტრამპის მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად, უკვე გაემგზავრა ამერიკაში. ვარაუდობენ, რომ ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერენ უკრაინაში ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესახებ ერთობლივ შეთანხმებას.
პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა იმაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი დაიცავს უკრაინის ომის დასრულების შესახებ მიღწეულ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას.
"ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] შეასრულებს თავის სიტყვას. დიდი ხანია ვიცნობ მას და არ მჯერა, რომ ის თავის სიტყვას გატეხს. როდესაც შეთანხმებას მივაღწევთ, ვფიქრობ, რომ შეთანხმება შესრულდება”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა მეორე ევროპელი ლიდერი, რომელიც ამ კვირაში შეხვდა ტრამპს. მანამდე ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა.
ტრამპისა და სტარმერის შეხვედრაზე, წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინაში ომის დასრულების, ასევე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ვიზიტის წინ კირ სტარმერმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ევროპულ სამშვიდობო ძალებს, რომლებიც უკრაინაში განლაგდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც რუსეთთან კონტაქტების დამყარებას ცდილობს, მათ შორის უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში, განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობას სამშვიდობო ძალებში და უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ გამორიცხავს სამშვიდობო მისიაში თავად შეერთებული შტატების უშუალო როლს.