რუსეთი „ღრმად აღაშფოთა“ საკონსულოსთან აფეთქების მომწყობი მეცნიერების მსუბუქმა სასჯელმა
მარსელის სასამართლომ 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ორ მეცნიერს, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე ისროლეს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდიან, რვა თვის განმავლობაში ელექტრონული სამაჯურით იქნებიან და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალებათ რუსეთის საკონსულოსთან მიახლოება და იარაღის ტარება.
სააგენტო AFP-ს ცნობით, მარსელის სასამართლოში 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე რუსეთის გენერალურმა კონსულმა სტანისლავ ორანსკიმ განაცხადა, რომ მომხდარს „ტერორისტული აქტის ყველა ნიშანი აქვს“, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმა დაუშვებელია, ბრალდებულთა ქმედება საფრთხეს არ წარმოადგენდა.
მარსელის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს საფრანგეთში რუსეთის საელჩოს განცხადება, რომ „ღრმად აღშფოთებულია“ საფრანგეთის სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით და „რბილი განაჩენით“, რომელიც „არ შეესაბამება ჩადენილის სიმძიმეს - არსებითად, ტერაქტის მცდელობას“.
მარსელში, რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე, აფეთქება 24 თებერვალს, დილით მოხდა. არავინ დაშავებულა.
პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავა მარსელში, უკრაინის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე. ისინი რუსეთის საკონსულოს ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით ამოიცნეს. მარსელის პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სახიფათო გზით სხვისი ქონების დაზიანებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ დამზადებისთვის.
25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ორი მამაკაცი, რომლებმაც აფეთქება მოაწყვეს, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მეცნიერები არიან.
40 წლის ინჟინერმა და 50 წლის ქიმიკოსმა ბრალი აღიარეს და განმარტეს, რომ მათი მიზანი იყო უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება. მეცნიერებმა რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე ისროლეს აზოტის და სხვა ქიმიური ნივთიერებების ნარევი სითხით სავსე სამი ბოთლი, რომელთაგან ორი აფეთქდა.