სტარმერი: უკრაინაში მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მას მადლობა გადაუხადა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ სწრაფვაში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს.
სტარმერის და ტრამპის შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში წარმატებული და გრძელვადიანი მშვიდობის სწრაფად მიღწევის იმედი აქვს და თუ მშვიდობა მალე არ დამყარდება, ეს შესაძლოა, საერთოდ ვეღარ მოხდეს. დონალდ ტრამპის თქმით, მშვიდობისკენ სვლა 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას გაგრძელდება.
შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ სჯერა, როცა შეთანხმებას მიაღწევენ, ის ამ შეთანხმებას დაიცავს.
ჟურნალისტებმა პუტინისამდი ნდობის შესახებ ჰკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც, რომელსაც, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტი დადებითად არასდროს მოუხსენებია. კირ სტარმერის თქმით, პუტინზე მისი აზრი კარგად ცნობილია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმედი აქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ის უნდა იყოს გრძელვადიანი და არა დროებითი ზომა. ბრიტანეთი ევროპის იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინაში თავიანთი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ.
დღეს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.
დაგეგმილია უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 27 თებერვალს ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმება მზად არის და მოიცავს თანამშრომლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ნავთობის და გაზის და ინფრასტრუქტურული აქტივების სფეროებში. ბესენტის შეფასებით, ეს იქნება ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგება.