ტრამპი ამბობს, რომ პუტინი მზადაა, დათანხმდეს ევროპელ მშვიდობისდამცველებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, დათანხმდეს ევროპელი მშვიდობისდამცველების უკრაინაში განთავსებას. ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის ომის დასრულების თაობაზე შეხვედრის დაწყების წინ.
"მე მას კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი. მას ამასთან პრობლემა არ აქვს", - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ამ საკითხზე პუტინის პოზიციის შესახებ.
მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები "მზად არიან და ნება აქვთ", უკრაინას მისცენ უსაფრთხოების გარანტიები, "რომლებმაც, შესაძლოა, სამხედროებიც მოიცვას".
მაკრონის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი ნებისმიერი ევროპული კონტინგენტი იქ იქნება "მშვიდობის შენარჩუნების მიზნით", ისინი არ განთავსდებიან ფრონტის ხაზზე და არც კონფლიქტის ნაწილი არ გახდებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტი დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის მესამე წლისთავს. შეხვედრის ფონია მზარდი ბუნდოვანება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გარშემო, ტრამპის მხრიდან ევროპის ფაქტობრივი გამოთიშვით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძალისხმევიდან.
მაკრონმა და ტრამპმა ვირტუალურად მონაწილეობა მიიღეს "დიდი შვიდეულის" (G7) სხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაშიც, ასევე უკრაინის ომის დასრულების საკითხზე.