ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28

დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა

0

შუახნის მამაკაცი დაიღუპა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. გზებზე დიდთოვლობის გამო გართულებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გადაადგილება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში დიდთოვლობის შედეგად სახურავი ჩაენგრა სახლს, რომელიც ხანდაზმულ მამაკაცს ეკუთვნის. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც დილით სპეცტექნიკა გზის გასაწმენდად წავა და მას სამაშველო ჯგუფი გაჰყვება. კოკათი გურიის რეგიონის იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც ხუთდღიანი თოვის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

განახლება: სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ 25 თებერვალს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაშავებული ახალგაზრდა კაცი ჰოსპიტალიზებულია და როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი კონტაქტურია და კვლევები უტარდება. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, დაშავებულის ტრანსპორტირების მიზნით, სოფლის გზა თავიანთი ძალებით გაწმინდეს.

მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.

დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც. შეფერხებულია ენერგომომარაგება. დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.