გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი კვლავ მხარს უჭერს ომს
სოციოლოგების ინფორმაციით, უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავზე, ამ ომთან დაკავშირებით რუსეთის მოსახლეობის შეხედულებები დაახლოებით შუაზე იყოფა. დამოუკიდებელი კვლევითი პროექტის, "ხრონიკის" მიერ ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტების 52-მა პროცენტმა გამოხატა ომის მხარდაჭერა, 46-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ "ომის მიზნების მიუღწევლად" არ დაუჭერენ მხარს უკრაინიდან რუსეთის ჯარების გამოყვანას. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ეს მიზნები რუსეთის ხელისუფლების მიერ არ არის მკაფიოდ ფორმულირებული.
ომს მხარი არ დაუჭირა გამოკითხულთა 48 პროცენტმა, ხოლო 41 პროცენტი მზადაა, მიესალმოს ჯარის გამოყვანას "ომის მიზნების მიუღწევლად".
ამასთან, რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა, 54-მა პროცენტმა, აღიარა, რომ ომი უარყოფითად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, 32-მა პროცენტმა თქვა, რომ ცვლილებები არ შეუმჩნევია, 9 პროცენტმა კი განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ მათი ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდა.
დამოუკიდებელი სოციოლოგიური სამსახურის, Russian Field-ის გამოკითხვის შედეგებით, რუსეთის მოქალაქეთა 43 პროცენტი მხარს უჭერს საომარი ოპერაციის გაგრძელებას, 45 პროცენტი კი ემხრობა დაუყოვნებელ გადასვლას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ამასთან, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მხარს გამოკითხულთა 76 პროცენტი დაუჭერდა, თუკი ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ იქნებოდა მიღებული.
Russian Field-ის მიერ სხვადასხვა რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის 28 პროცენტმა თქვა, რომ ომის მსვლელობით "ნაკლებად" ან "საერთოდ არ ინტერესდება".
თავისი მონაცემები გაავრცელა საზოგადოებრივი აზრის სახელმწიფო ცენტრმაც (ВЦИОМ) - ამ უწყების მტკიცებით, სამი წელიწადის განმავლობაში ომს მხარს უჭერდა და კვლავაც უჭერს გამოკითხული მოქალაქეების არანაკლებ ორი მესამედისა. 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ომმა რუსეთის საზოგადოება უფრო მეტად გააერთიანა, 25 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ომის შედეგად საზოგადოებრივი უთანხმოება გაღრმავდა. ცენტრის თანახმად, პუტინის მხარდაჭერის მაჩვენებელი გაიზარდა - 2022 წლის იანვარში ის 64 პროცენტს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი - 76 პროცენტს. რუსეთის მოქალაქეთა 92 პროცენტი თავს პატრიოტად აცხადებს, 81 პროცენტი ამბობს, რომ თავისი ქვეყნით ამაყობს. ქვეყნის დატოვება სურს გამოკითხულთა 5 პროცენტს - რაც, ცენტრის დირექტორის, ვალერი ფიოდოროვის თქმით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ მკაცრი სახელმწიფო ცენზურისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული სასჯელების პირობებში, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება მოქალაქეთა პასუხები სინამდვილეს.