ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

დადგენილია უკრაინაში დაღუპული 95 ათასი რუსი ჯარისკაცის ვინაობა

0

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 95 026 რუსი სამხედრო - მათი სახელები ღია წყაროებზე დაყრდნობით დაადგინეს "ბიბისის" რუსულმა რედაქციამ" და "მედიაზონამ".

წინა მონაცემთან შედარებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობას დაახლოებით 4 ათასი ახალი სახელი დაემატა.

დადგენილია, რომ იმ ადამიანების ნახევარზე მეტი, რომელთა დაღუპვაც დადასტურდა, მოხალისეა, მათ არ ჰქონიათ კავშირი რუსეთის არმიასთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ჟურნალისტების გაანგარიშებით, დაღუპულ სამხედროთა შორის არის კოლონიიდან ომში გაგზავნილი 16 171 მსჯავრდადებული. ამ რაოდენობაში შედის მხოლოდ ის, ვისი ნასამართლობაც დადასტურებულია ღია წყაროებით, მაგრამ სინამდვილეში ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები, შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს, რადგან ჟურნალისტთა მიერ მოპოვებული მონაცემები, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს ასახავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის.

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ ავრცელებს ინფორმაციას ფრონტზე განცდილ დანაკარგებზე. მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ NBC News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა.

უკრაინაში ომის კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ადამიანური თვალსაზრისით", მას საშინლად მიიჩნევს. თებერვლის დასაწყისში ტრამპი კვლავაც შეეხო ამ ომში მხარეების კატასტროფულ დანაკარგებს და აღნიშნა, რომ რუსეთმა 800 ან 900 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულისა და დაჭრილის სახით, ხოლო უკრაინამ - 700 ათასამდე.