ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მოითხოვს, რომ ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 8%-ით შემცირდეს პენტაგონის ბიუჯეტი

0
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დაავალა პენტაგონის ხელმძღვანელობას და ამერიკის სარდლობას, მოამზადონ გეგმა, რათა ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 8%-ით შეამცირონ თავდაცვის ბიუჯეტი.



ამის შესახებ The Washington Post-ი შესაბამის დოკუმენტსა და ვითარებაში გარკვეულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ჰეგსეთის განკარგულებაში მითითებულია, რომ გეგმა 24 თებერვლისთვის უნდა იყოს მზად. შემცირება არ უნდა შეეხოს 17 კატეგორიას, მათ შორის აშშ-ის სამხედრო საზღვრებზე მიმდინარე ოპერაციას, ბირთვული იარაღის მოდერნიზებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე წყალქვეშა ნავებისა და კამიკაძე-დრონების შესყიდვას.

2025 წელს პენტაგონის ბიუჯეტი დაახლოებით 850 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუ ჰეგსეთის მოთხოვნა შესრულდება, ეს გამოიწვევს ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარის ჩამოჭრას, რაც 2013 წლის შემდეგ პენტაგონის დაფინანსების ყველაზე დიდი შემცირება იქნება.

როგორც WP-ი წერს, ჰეგსეთის განკარგულება „საყურადღებოა იმითაც, რაც შიგ არ წერია“. მიმართულებების ჩამონათვალში, რომელთა დაფინანსებაც უნდა შენარჩუნდეს, არ არის ნახსენები ევროპული სარდლობა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ასევე - ცენტრალური სარდლობა, რომელიც მართავს ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში და აფრიკული სარდლობა, რომელსაც მთელ კონტინენტზე რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო ექვემდებარება.

12 თებერვალს ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტის დროს, აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა ნატოში უკრაინის მიღება და გამორიცხა უკრაინაში აშშ-ის სამშვიდობო ძალების გაგზავნა.

მან ასევე თქვა, რომ მოკავშირეებმა უნდა აღიარონ, რომ უკრაინა ვერ დაუბრუნდება 2014 წლამდელ საზღვრებს.



ამასთან, მან დასძინა, რომ ამერიკა შეეცდება, მიაღწიოს ომის შეწყვეტას და სისხლისღვრის დასრულებას.