ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

აშშ-ს არ სურს გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაინიციატორობა - Reuters-ის წყაროები

0

დიპლომატიურმა წყაროებმა სააგენტო Reuters-ს აცნობეს, რომ აშშ-ს არ სურს გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციის თანაინიაციატორობა, რომელიც ომის მესამე წლისთავს ეძღვნება, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

Reuters-ის თანახმად, ეს ასახავს მზარდ განხეთქილებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, რომელსაც ომის სწრაფად დასრულება სურს და რომლის გუნდმაც რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გარეშე გამართა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაეცნო სააგენტო Reuters-ი, გმობს რუსეთის აგრესიას და ადასტურებს „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ ერთგულებას.

უკრაინას აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ და ასევე გაუწია დიპლომატიური მხარდაჭერა.

„წინა წლებში აშშ თანმიმდევრულად იყო მსგავსი რეზოლუციების თანაინიციატორი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მხარდასაჭერად“, - თქვა 20 თებერვალს ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც, სხვების მსგავსად, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

პირველმა დიპლომატიურმა წყარომ სააგენტოს აცნობა, რომ რეზოლუციის თანაავტორი 50-ზე მეტი ქვეყანაა, მაგრამ უარი თქვა მათ დასახელებაზე.

აშშ იყო გაეროს თითქმის ყველა რეზოლუციის მხარდამჭერი, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტის განმავლობაში უმაგრებდა ზურგს. ჯერ არ არის ნათელი, როდის ამოიწურება რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის ვადა და ვაშინგტონს შეუძლია პოზიცია შეიცვალოს.

მეორე დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ასევე ანონიმურობის პირობით ესაუბრა სააგენტოს, თქვა: „ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ ისინი (აშშ) ხელს არ მოაწერენ მას“. ამჟამად მიმდინარეობს მცდელობები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სამხრეთის სახელმწიფოებიდან, მხარდაჭერის მოსაპოვებლად, დასძინა წყარომ. გაეროში ამგვარი რეზოლუციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, რეზოლუციას ბევრი მომხრე ჰყავდეს გენერალურ ასამბლეაზე.