მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გადაიდო
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 მარტისთვის გადაიდო, სხდომა 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც მოსამართლე სალიხ შაინიძემ განაცხადა, სხდომის გადადების მიზეზად იქცა ის, რომ დაცვის მხარეს არ ჩაჰბარებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები და ის, რომ მზია ამაღლობელის დისტანციურად ჩართვა ვერ მოხერხდა, მისი სურვილის მიუხედავად.
"მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. მან გამოთქვა სურვილი დასწრების, იგი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე სასამართლო საქმეს მის გარეშე ვერ განიხილავს“, - თქვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა მზია ამაღლობელის დაცვის მხარე. როგორც უფლებადამცველ ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამის მიზეზი ის იყო, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული. რაც შეეხება მზია ამაღლობელის პოზიციას, ჰქონდა თუ არა სურვილი, დისტანციურად ჩართულიყო სხდომაში, როგორც ეს მოსამართლემ თქვა, გადამოწმდება თავად მზიასთან.
15 თებერვალს საიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ არ ჩაჰბარებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. "სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია“, - აღნიშნავდა საია.
2025 წლის 11 იანვარს, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ბათუმში მაშინ დაიწყო, როცა შეკრებილი აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით: „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“.
მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი მეგობარი და კოლეგა ციალა ქათამიძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციაზე, ერთ-ერთ პირს სტიკერი გამოართვა და კედელზე გაშალა.
საიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ დროს, სტიკერის გაკვრისას, დააკავეს ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელი.
დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს:
„საჯარო სივრცეში არსებობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავად აკავებს მას სტიკერის გაკვრისთანავე და მზია ამაღლობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის და სიტყვიერი კომენტარის გარეშე ემორჩილება მის უკანონო დაკავებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება, არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად, ამასთან, ამავე კოდექსით არ იკრძალება სტიკერის დროებითი განთავსება ადმინისტრაციულ შენობებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად და ნახატის შესრულებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება".
საიაში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის თვითნებური და უკანონო დაკავების შენიღბვის მიზნით, პოლიციამ დაკავების ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა, 173-ე მუხლით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), რომელიც არ გადასცემია მზიას დაკავებისას.
მათი თქმით, დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა.
ადმინისტრაციული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელის სახელით გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ამ დროისათვის საჩივართან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში - უკვე 12 იანვარს - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.