ტრამპმა მიუნხენში მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის "მაღალი რანგის" წარმომადგენლების შეხვედრა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს გამოაცხადა, რომ 14 თებერვალს მიუნხენში გაიმართება მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლების შეხვედრა.
“ისინი ხვალ გამართავენ შეხვედრას მიუნხენში, რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. არ ვიცი, ზუსტად ვინ ჩადის თითოეული ქვეყნიდან, მაგრამ მაღალი რანგის პირები რუსეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან [იქნებიან]", - უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მანამდე განაცხადა, რომ მიუნხენში რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი. უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტემი ბრიუსის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 თებერვალს ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას. მათ განიხილეს "თამამი დიპლომატიის" აუცილებლობა, რათა დასრულდეს ომი მოლაპარაკების გზით, რაც მიგვიყვანს მდგრად მშვიდობამდე. რუბიომ ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინისა და რეგიონის სტაბილურობისადმი.
13 თებერვალს ტრამპის მიმართ გაფრთხილება გამოთქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ რუსეთთან შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნების გარეშე არ უნდა მოხდეს.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში თქვა, რომ უკრაინა „ამგვარად თუ იმგვარად“ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებაში. მაგრამ, პესკოვის თანახმად, იქნება ასევე დიალოგის რუსულ-ამერიკული ნაწილი. მოლაპარაკების მომზადება შეიძლება თვეები გაგრძელდეს, აღნიშნა პესკოვმა. აშშ-ის ახალი მთავრობის პოზიციას მან შთამბეჭდავი უწოდა.