ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"საქართველოში ევროპული მისწრაფებების ოთხი მილიონი ადამიანი გვყავს და უნდა ვიყოთ მათთან" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

0

ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის, ალენ ბერსეს თქმით, საქართველოსთან ამჟამად "სამუშაოდ ნიადაგი საუკეთესო არაა იმასთან შედარებით, რაც ბოლო თვეებში" იყო და "უარესია, ვიდრე ორი ან სამი თვის წინ".

როგორც ბერსემ რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან ინტერვიუში საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა, შეშფოთებული არიან საქართველოში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ქმედებებით.

"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა კომისიასთან, ევროსაბჭოსთან, კომიტეტთან წამების წინააღმდეგ, ასევე ვმუშაობთ მათთან. გავაგრძელებთ. ის ფაქტი, რომ მოცემულ მომენტში საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ არიან, ვიმედოვნებ, ხელს არ შეგვიშლის მთავრობათაშორის თანამშრომლობაში, ვინაიდან უნდა დავრჩეთ ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის და არა იქაური მთავრობის ერთგული. იცით, რომ ჩვენ ამას საქართველოს მოსახლეობისთვის ვაკეთებთ. საქართველოში ევროპული მისწრაფებების მქონე ოთხი მილიონი ადამიანი გვყავს და ვფიქრობ, ჩვენც უნდა ვიყოთ მათთან", - თქვა ალენ ბერსემ.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე თბილისში ვიზიტით დეკემბერში იმყოფებოდა. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მაშინ მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ დაპირება.

მოგვიანებით კი ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული წერილიდან გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს "აგენტების კანონის" შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა.

8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა გახდა ამის მიზეზი. კობახიძის სიტყვებით, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და ასევე "გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი".

"ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ჩვენ ყველა პრინციპი, წესი დავიცავით. წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა", - თქვა მან.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ 2023 წელს ერთი მოსმენით მიიღო რუსული სტილის „აგენტების კანონი“, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია, მოგვიანებით კი, 2024 წელს, კვლავ მიიღო იგი, - შეცვლილი სახელით.

იანვრის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავად წყვეტენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

უკვე 78 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.

მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.