ირანი აცხადებს, რომ მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის - მაგრამ არა "მაქსიმალური ზეწოლის" პირობებში
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის თეირანის ბირთვული პროგრამისა და მასთან დაკავშირებული სანქციების თაობაზე - თუმცა, მისი თქმით, მოლაპარაკება ვერ გაიმართება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული "მაქსიმალური ზეწოლის" სტრატეგიის პირობებში.
"სანქციების მოხსნა ითვალისწინებს მოლაპარაკებას, მაგრამ არა "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკის ჩარჩოში, რადგან მაშინ ეს იქნება არა მოლაპარაკება, არამედ დანებების ფორმა", - წერს არაყჩი სოციალური მედიით.
"ირანს არ სურს მოლაპარაკების გამართვა ქვეყანასთან, რომელიც ამავდროულად ახალ სანქციებს აწესებს", - ამბობს არაყჩი.
ტრამპმა 4 თებერვალს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც უნდა განახლდეს ირანზე "მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის" მისი პოლიტიკა - რომელიც მიმართულია ზარალის მიყენებაზე ირანის ნავთობის ექსპორტისთვის და ბირთვული პროგრამის შენელებაზე.
ტრამპმა ფინანსთა სამინისტროს უბრძანა ზეწოლის დაწესება სანქციების გზით და გააძლიერა მექანიზმები იმ ინდივიდების თუ უწყებების წინააღმდეგ, რომლებიც არსებულ სანქციებს არღვევენ.
ბრძანებაზე ხელის მოწერისას, ტრამპმა მას უწოდა ძალიან მკაცრი, თუმცა ამავე დროს გამოთქვა ირანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მზაობა.
"ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან მარტივია. ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს", - დასძინა ტრამპმა.
2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა ისტორიული ხელშეკრულება, რომლითაც სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა.
მაგრამ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს სანქციები აღუდგინა - რამაც ირანს უბიძგა ურანის გამდიდრების პროგრამის გაძლიერებისა და თავის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წვდომის შეზღუდვისკენ.